ლარი 100%-ით გაუფასურდა და 4-ჯერ დასუსტდა

რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული ვალუტა 20 წლის გახდება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს საიუბილეო თარიღის აღნიშვნის განწყობა დღეს, ალბათ, არავის აქვს. ამ პერიოდში ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში გაუფასურების კატასტროფულ მაჩვენებელს - 2,449 ლარს მიაღწია, ანუ 100%-ით გაუფასურდა, ხოლო 20 წლიან პერიოდში მისი მსყიდველობითი უნარი ოთხჯერ შემცირდა. მაგალითად, აშშ-ში დოლარის მსყიდველუნარიანობის 4-ჯერ შემცირებას 41 წელი დასჭირდა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 20 წლის წინათ ლარის რეალური გაცვლითი კურსი 1,23-ის ფარგლებში იყო. შემდეგ წლებში ეროვნულმა ვალუტამ ბევრი ქარტეხილი გადაიტანა, მაგრამ ყველაზე მძიმე პერიოდი ახლა უდგას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარი 40%-ით გაუფასურდა და დევალვაციის ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა. 1999 წლის 23 თებერვალს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,4510 ლარი იყო. გამორიცხული არ არის ეს რეკორდი დღეს-ხვალ დაემხოს. 16 წლის წინათ ასეთი მაღალი კურსი მხოლოდ ერთი დღით შენარჩუნდა, ერთი თვის თავზე კურსი 2,2 ლარს ჩამოსცდა, ხოლო წლის ბოლოს კი, 1,9-ს. ამჯერად ასეთ პერსპექტივაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.

ხაზგასასმელია საქართველოში ინფლაციური პროცესების მკვეთრი ცვლილება, რაც ექსპერტების განცხადებით, არამდგრად და არასტაბილურ ეკონომიკას ახასიათებს. ფაქტობრივად, ინფლაცია და ქვეყანაში ფულის მსყიდველუნარიანობა უკუპროპორციული სიდიდეებია - რაც უფრო იზრდება ერთი, მცირდება მეორე და პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი საგადამხდელო საშუალება არის ლარი, ფულადი ტრანზაქციების, კრედიტებისა და დეპოზიტების დიდი მასა სხვა ვალუტაში (აშშ დოლარებში, ევროებში და ა. შ.) ხორციელდება, შესაბამისად, მათი მსყიდველუნარიანობაც იცვლება უკვე არა მხოლოდ ინფლაციის, არამედ სავალუტო კურსის ცვლილების მიხედვით.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ სოსო არჩვაძის განცხადებით, სტაბილური, მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, როგორც წესი, დამახასიათებელია ინფლაციის საშუალო წლიური და დეკემბრის თვის 12-თვიანი ინფლაციის ტემპების მაქსიმალური დაახლოება.

ასეთ ქვეყნებში ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, არ ახასიათებს შოკი და ჩავარდნა. როდესაც პერიოდების მიხედვით გაანგარიშებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა არამდგრადია და პროცესები არასტაბილურად მიმდინარეობს. მაგალითად, ამერიკაში 1996-2014 წლებში საშუალო სხვაობა ინფლაციის საშუალო წლიურ და დეკემბრის ინფლაციას შორის მხოლოდ 0.86 პროცენტია, საქართველოში კი 4,4 პროცენტული პუნქტი, თითქმის ხუთჯერ მეტი, ეს მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნის არასტაბილურ და არამდგრად ეკონომიკაზე მიუთითებს.

ლარის მიმოქცევაში შემოსვლის პერიოდში რასაც 100 ლარით იყიდდი, 2015 წლის სექტემბრის ბოლოს იმ პროდუქტისთვის 400 ლარია საჭირო.

ფასები განსაკუთრებით გაიზარდა იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომლებზეც ადრე მოქმედებდა სუბსიდირების სისტემა და დაბალი ტარიფი იყო შენარჩუნებული. გარდა ამისა, ინფლაცია და ვალუტის მსყიდველუნარიანობა ერთმანეთთან უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია, რის გამოც ლარის მსყიდველუნარიანობა სამომხმარებლო ფასების ინდექსის შებრუნებული მაჩვენებელია. ამიტომაც, საქართველოში ლარის მსყიდველობითი უნარი მისი შემოღებიდან დღემდე (20 წელიწადში) ოთხჯერ შემცირდა. მაგალითად, იმავე პროცესს აშშ-ში 41 წელი დასჭირდა.

ბოლო 14 წლის განმავლობაში (2001-2015 წწ.) სურსათზე ფასების მატებაზე მოდიოდა ინფლაციის ორ მესამედზე მეტი.

აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს ფიქსირებულ და დაბალშემოსავლიან ოჯახების კეთილდღეობაზე, რომელთა ფულადი სახსრების დიდი ნაწილი, პირველ რიგში, სურსათზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მიიმართება. იმის გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით გაიზარდა კომუნალური მომსახურების ტარიფები, აღნიშნული კატეგორიის შინამეურნეობების მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, პენსიონერთა ფულადი რესურსების ინფლაცია და მსყიდველუნარიანობა. ყველაზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის (5 პროცენტის) ფულადი ხარჯების 50 პროცენტი მოდის სურსათზე მაშინ, როდესაც ყველაზე მაღალშემოსავლიანებში სურსათზე ხარჯები 20 პროცენტზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, პენსიონერებისთვის, ანუ მოსახლეობის ყველაზე დაბალშემოსავლიანი კატეგორიისათვის, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ხოლო შემოსავლების მსყიდველუნარიანობის ინდექსი - გაცილებით დაბალია. შედეგად, თუ საშუალო პენსია 2015 წელს, 2000 წელთან შედარებით 9-ჯერ გაიზარდა, რეალურად, მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, პენსია მხოლოდ 280 პროცენტითაა (დაახლოებით 3,8-ჯერ) გაზრდილი, რის გამოც 2011 წლის პენსია თავისი მსყიდველუნარიანობით 2000 წლის 53 ლარის ეკვივალენტურია.

ქვეყნის მოსხალეობის ფულად სახსრებში უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულიც მონაწილეობს, რომლის თანაფარდობა მთლიან შემოსავლებში 2000 წლის 7,4 პროცენტიდან 2014 წელს 22 პროცენტამდე გაიზარდა. ფაქტობრივად, თუ ქვეყნის ფარგლებს გარედან მიღებულ სახსრებს გამოვაკლებთ, ქვეყნის შიდა წყაროებიდან მიღებული ფულადი სახსრები მხოლოდ 3,4-ჯერ გაიზარდა. "20-წლიან პერიოდში, სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ აჩვენა თავისი სიცოცხლისუნარიანობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესი იქნებოდა, თუ პასუხისმგებელი ინსტიტუტები მის მიმართ უფრო მეტ ყურადღებასა და გულისხმიერებას გამოიჩენდნენ", - დასძენს სოსო არჩვაძე.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"