ელექტროსადგურის საცდელი გამოცდის დროს ელექტროენერგიის წარმოების, მიღების და გაცემის სპეციალური წესი იმოქმედებს

ელექტროსადგურის გამოცდის მიზნით, მისი წარმოების საშუალებების ნებისმიერ ქსელზე მიერთება, ელექტროენერგიის მიწოდება ან გაყიდვა ელექტროენერგიის წარმოებად ჩაითვლება, მაგრამ ლიცენზირებას არ დაექვემდებარება. 

ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, ელექტროსადგურის საცდელი გამოცდის და კომპლექსური გასინჯვის დროს ელექტროენერგიის წარმოებაზე, მიღებასა და გაცემაზე სპეციალური წესი იმოქმედებს. ამას "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა. კანონპროექტის ავტორი ენერგეტიკის სამინისტროა.  პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის მფლობელი პირის რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი ელექტროსადგურის საცდელი გამოცდის, ან კომპლექსური გასინჯვის კვალიფიციურ საწარმოს წარმოადგენს, წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურ კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.

აღნიშნულ პერიოდში წარმოებული ელექტროენერგია საბალანსო ელექტროენერგიად ჩაითვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონით და "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით" დადგენილი წესით განხორციელდება. იმ შემთხვევაში თუ ელექტროსადგური საცდელი გამოცდის ან კომპლექსური გასინჯვის პერიოდში ელექტროენერგიას ქსელიდან მიიღებს, ამ ელექტროენერგიაზე კანონით დადგენილი ყველა გადასახდელი გადაიხდება, რომელსაც იხდის პირდაპირი მომხმარებელი, ელექტროენერგიის მიღებისას.