ზურაბ ტყემალაძე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსგან სიურპრიზს არ გამორიცხავს

ბევრი სიურპრიზი მიგვიღია და შეიძლება ახლაც მივიღოთ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასთან და მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა.

ტყემალაძის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.  "ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მიღებული კანონი კონსტიტუციასთან არავითარ წინააღმდეგობაში არ მოდის. ეს პრეზიდენტმაც დაადასტურა, როცა კანონპროექტს ხელი მოაწერა. ყველას აქვს უფლება იმისა, ბოლომდე გაერკვეს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ბევრი სიურპრიზი მიგვიღია და შეიძლება ახლაც მივიღოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ტყემალაძემ.

დღეს, საკონსტიტიციო სასამართლოში "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით სარჩელი შევა. სარჩელს "ნაციონალური მოძრაობიდან" და "თავისუფალი დემოკრატებიდან" 30-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.  საქმე ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გატანას და ცალკე სააგენტოს შექმნას ეხება, რაც საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.  როგორც საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები განმარტავენ, კონსტიტუციით ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, რომელიც შესაბამისი ინსტრუმენტების არ არსებობის შემთხვევაში დაკისრებულ უფლებამოსილებას ვერ განახორციელებს. საპარლამენტო ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ მაშინ, როცა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დასახელება პრეზიდენტის დისკრეციაა, პრეზიდენტიც ვერ განახორციელებს კონსტიტუციით გაწერილ ყველა უფლებამოვალეობას.