წარმატებული ადამიანები, რომელთაც კარიერის დასაწყისში მარცხი იწვნიეს

ცნობილი ამბავია, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზას ბევრი იმედგაცრუებაც ახლავს. კარიერის დასაწყისში პირველი მარცხი ადამიანების ერთ ნაწილს იმდენად აფრთხობს, რომ დასახულ მიზნებზე უარს ამბობენ, ერთი ნაწილი კი პირიქით, მარცხის შემდეგ უფრო ძლიერდება.

გთავაზობთ იმ ადამიანების ისტორიას, რომლებიც კარიერის დასაწყისში მარცხის მიუხედავად, დღეს საქვეყნოდ ცნობილი არიან.

სტივენ სპილბერგი

ამერიკელი ოსკაროსანი რეჟისორი, რომელსაც „ახალი ჰოლივუდური ერის“ სულისჩამდგმელად მიიჩნევენ, თავის დროზე ორჯერ ჩაიჭრა სამხრეთ კალიფორნიის კინოხელოვნების სკოლის უნივერსიტეტში. მიუხედავად ამისა, „შინდლერის სიისა“ და „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ რეჟისორს წყენა დიდხანს არ გაჰყოლია - წლების შემდეგ, უკვე პოპულარულმა რეჟისორმა კინოხელოვნების სკოლას ქველმოქმედების სახით რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გადაურიცხა. 1994 წელს სტივენ სპილბერგი უნივერსიტეტის საპატიო წევრის წოდებით დააჯილდოვეს.

ანა ვინტური

ჟურნალ „ვოგის“ რედაქტორი ანა ვინტური „ფორბსის“ 100 ყველაზე გავლენიანი ქალბატონის რეიტინგში 28-ე პოზიციაზეა, მაგრამ კარიერის დასაწყისში ამაზე ალბათ, ვერც იფიქრებდა.

ჟურნალ Harper’s Bazaar-ის მოდის რედაქტორად დანიშვნიდან 9 თვეში ვინტური თანამდებობიდან გაათავისუფლეს და განუცხადეს, რომ ამერიკული ბაზარი კარგად არ ესმოდა. „ვოგის“ მთავარ რედაქტორობამდე, ვინტური კიდევ რამდენიმე მოდის ჟურნალის რედაქტორი იყო, თუმცა ყველგან მხოლოდ რამდენიმე თვით უწევდა მუშაობა.

„ჩემი აზრით, ერთხელ მაინც ყველა ადამიანი უნდა გაუშვან სამსახურიდან“, - თქვა მოგვიანებით ანა ვინტურმა.

ევან შპიგელი

Snapchat-ის თანადამფუძნებელი, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი სულ რაღაც ხუთი წლის წინ ვერც კი იფიქრებდა, რომ ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგში პირველ ადგილს დაიკავებდა.

სტენფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შპიგელი მეგობარმა გოგომ მიატოვა, რის გამოც მომავალი მილიარდერი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა და სახლიდან არ გადიოდა. მის მიერ დაფუძნებული პირველი კომპანიის ერთადერთი მომხმარებელი კი მისი მშობლები იყვნენ.

არიანა ჰაფინგტონი

ჰაფინგტონს მეორე წიგნის დაბეჭდვაზე 36-მა გამომცემელმა უთხრა უარი. 2003 წელს კი კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობისას ხმების მხოლოდ 0,55 პროცენტი მიიღო.

თუმცა, მარცხის მიუხედავად, როგორც მან 2010 წელს გამოცემა SUCCESS-თან საუბრისას განაცხადა, ბევრი წარუმატებლობის შემდეგ მაინც გადაწყვიტა საქმიანობა გაეგრძელებინა. არიანა ჰაფინგტონის მიერ დაარსებული ონლაინ გამოცემა The Huffington Post ამის ნამდვილი დადასტურებაა. თავად არიანა ჰაფინგტონს კი 13 წიგნი აქვს გამოცემული.

კონან ო’ბრაიენი

ტელეკომპანია NBC-ზე მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, არხის ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ ღამის შოუში The Tonight Show წამყვანი კვლავ ჯეი ლენო იქნებოდა, ო’ბრაიენს კი შეეძლო სხვა სამსახური ეშოვა. ამის გაგონებაზე კონან ო’ბრაიენი პატარა ბავშვივით ატირდა და ამბობდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა.

„საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი. ეს მეუღლესთან განქორწინებას ჰგავდა, რომელიც სწრაფად და მოულოდნელად მოხდა. თუმცა, თავი ხელში ავიყვანე და მაინც გამოვედი ხალხის წინაშე“, - იხსენებდა მოგვიანებით ო’ბრაიენი.

ამერიკელმა წამყვანმა გასართობი სახის მსოფლიო ტურნე წამოიწყო, რომელიც იმდენად პოპულარული გახდა, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში კონან ო’ბრაიენმა საკუთარი პროგრამა „კონანი“ დაიწყო.