ბალტიის ბიზნეს ფორუმზე საინვესტიციო სესია "საქართველო: პატარა ქვეყანა - დიდი შესაძლებლობები" ჩატარდა

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია ბალტიის ბიზნეს ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის საერთაშორისო ბალტიის ბიზნეს ფორუმზე, რომელიც 21-23 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ სვინოუშჩეში იმართება, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენელი და მას ცალკე საინვესტიციო სესია დაეთმო. გახსნითი პანელის თემას წარმოადგენდა "ABB - ადრიატიკის, ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის ინტეგრაცია, რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივები" და მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს რეგიონის ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა, ასევე, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე კვასნევსკიმ.

გიორგი პერტაიამ თავის გამოსვლაში საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ქვეყანაში არსებულ სიახლეებზე, აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან და ევროკავშირთან ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდა საქართველოს საინვესტიციო სესია სახელწოდებით "საქართველო: პატარა ქვეყანა - დიდი შესაძლებლობები", რომელზეც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, გაცნობოდა საქართველოს, როგორც საინვესტიციო ადგილმდებარეობას, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო სექტორებსა და პროექტებს და ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. პანელში საქართველოს მხრიდან საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ბალტიის ბიზნეს-ფორუმი საერთაშორისო ეკონომიკური ღონისძიებაა, რომელიც 2009 წლიდან ტარდება და როგორც ბიზნესის, ისე პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს დებატებისა და პანელური დისკუსიების ფორმატში აერთიანებს.