დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში და აქ უკვე კითხვის ნიშნები არ არის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში და აქ უკვე კითხვის ნიშნები არ არის. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან გამართული გუშინდელი შეხვედრა ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იყო. "ყველასთვის ცნობილია, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში. აქ უკვე კითხვის ნიშნები არ არის. გუშინდელი შეხვედრა ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იყო, რომელზეც დეტალურად იყო განხილული ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც ლარზე ზემოქმედებს. ასევე იყო განხილული ყველა ის შესაძლო ქმედება, რომელსაც განახორციელებს როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი იმისთვის, რომ აღნიშნული ცხოვრებაში რეალურად გადაიქცეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ამ წუთებში ბიუჯეტის მხრიდან ლარზე ზეწოლა არ არსებობს და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა ძალიან თანაბარზომიერად მიმდინარეობს.  როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, განცხადება გაკეთებული იყო რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებითაც, რომ ეს მიმართულებაც არ ზემოქმედებს ლარის კურსზე. "რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, ისევე, როგორც მონეტარული პოლიტიკის ნაწილში უფრო მკვეთრ ქმედებებს, როგორც ფინანსთა მინისტრმა, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაადასტურეს თავიანთი სრული მზადყოფნა ქმედებებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი საჭიროება არ დადგება. დღევანდელი მაკროეკონომიკური პარამეტრები ამის საჭიროებას არ გვაჩვენებს, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ქმედება განვახორციელოთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.