ტუალეტის ქაღალდს მოსწავლეები ყიდულობენ - რატომ დაბრუნდა სკოლებში "ფონდის ფული" და რა სანქციებზე საუბრობს განათლების მინისტრი

"ფონდის ფული" - ასე ერქვა ე.წ. მოსაკრებელს, რომელიც წლების წინ სკოლებში გროვდებოდა. მშობლები შვილებს პედაგოგებთან განსაზღვრული ოდენობის თანხას, ძირითადად 2 ლარს ატანდნენ. აღნიშნული თანხა სხვადასხვა ტიპის საჭიროებას ხმარდებოდა. წლებია სკოლებში "ფონდის ფული" აღარ გროვდება, თუმცა მშობელთა ნაწილს სკოლაში მასწავლებლის დავალებით თანხის მიტანა მაინც უწევს.

Ambebi.ge-ს რამდენიმე მშობელმა ინფორმაცია მიაწოდა, რომ მათი შვილების დამრიგებლები თანხას სხვადასხვა საჭიროებისთვის აგროვებენ. მოსწავლეები 5-10 ლარს კრებენ, რათა სკოლამ ტუალეტის ქაღალდი, სველი ხელსახოცი და ბავშვის შეფასებისას, წახალისების მიზნით, სტიკერები, ე.წ. "სმაილიკები" შეიძინონ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჰიგიენური საშუალებებისთვის ფულს არაერთ საჯარო სკოლაში აგროვებენ.

რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს? თამარ სანიკიძის განცხადებით, სკოლებში სხვადასხვა საჭიროების მიზნით, თანხის შეგროვება ნებადართული არ არის.  მინისტრმა განმარტა, რომ ეს არის დარღვევა, სკოლას მსგავსი ქმედების უფლება არ აქვს და ასეთი რამ სკოლაში არ უნდა ხდებოდეს. თამარ სანიკიძის განცხადებით, ნებისმიერი ხარჯი, რომელიც ასოცირებულია სწავლასთან და სასწავლო პროცესთან, სახელმწიფოს პრეროგატივაა. თუკი რომელიმე სკოლაში რაიმე სახის დანაკლისი არსებობს და სკოლას დამატებითი დაფინანსება სჭირდება, არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ასეთი ხარჯების დაფარვის საკითხს განიხილავს. განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გამოვლენილი შემთხვევების სამინისტროსთვის შეტყობინება და დაფიქსირება.

თამარ სანიკიძე: "კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სასკოლო საზოგადოებას, ნუ დაუშვებენ სკოლაში მსგავს პრეცედენტს. თუ რაიმე საჭიროებაა, უნდა მიმართონ სამინისტროს, მშობელი არ არის ვალდებული, რაიმეში დამატებით თანხა გადაიხადოს. სახელმძღვანელოებს უფასოდ ვარიგებთ, რომ ბავშვებს რესურსები ჰქონდეთ. ზოგადი განათლება, მით უმეტეს, საბაზო განათლება და მისი ყველა ხარჯის დაფარვა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს პრეროგატივაა. ასეთი ქმედება ნამდვილად არავის წაადგება. თუ რომელიმე სკოლაში რაიმეს დანაკლისია, არსებობს სამინისტრო, არსებობს დაფინანსება და ჩვენ უნდა მოგვმართონ."

თამარ სანიკიძის ინფორმაციით, სკოლაში მონიტორინგი მიმდინარეობს. მსგავსი ფაქტების თაობაზე, ერთეული შემთხვევები სმენია, თუმცა როგორც წესი, ამას "ჭორაობის ფორმა" აქვს. მინისტრი საზოგადოებას გამოვლენილი გადაცდომის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ბევრ შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება მომხდარა, ტარდება ინსპექტირება და სახდელი შესაძლოა, იყოს გაფრთხილება, მითითება ან სამუშაო ადგილიდან გათავისუფლება.

ნატალია დადიანი, Ambebi.ge