კახეთში გლეხებმა მსხმოიარე ვაზის გაჩეხვა დაიწყეს

კარდენახში ვაზი გაჩეხეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. გამოცემამ ის გლეხიც ჩაწერა, რომელმაც 0.25 ჰექტარზე მსხმოიარე ვაზი უკვე გაჩეხა.

"განა მართლა 70 თეთრად იბარებენ ყურძენს? ქარხანაში რომ მიგაქვს, 2-3 დღე რიგში დგახარ დატვირთული მანქანით. მერე გიწუნებენ ყურძენს და 60 თეთრს გადაგიხდითო. 3 დღის ყურძენს სადღა წაიღებ? იძულებული გავხდი და ჩავაბარე. გამაწამეს ქარხანაში. მასხრად გვიგდებენ მევენახეებს. რაც დავხარჯე იმასაც ვერ ვინაზღაურებ. ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? ერთი კილოგრამი წიწაკა 1.30 ლარი ღირს. ვენახი გავჩეხე და წიწაკას მაინც მოვიყვან", – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კარდენახში მცხოვრებმა გელა გრიშენკომ, რომელმაც დღეს ახლადგაშენებული ვაზის გაჩეხვაც დაიწყო.

ვაზის გაჩეხვას კარდენახში მცხოვრები სხვა მევენახეებიც აპირებენ. "ბატონი ივანიშვილი ხომ დაგვპირდა ყურძენი 1 ლარი იქნებაო, რატომ არ შეასრულა დაპირება? აი, სადამდე მიგვიყვანა, ახლადგაშენებული ვენახების გაჩეხვა დაიწყო ხალხმა. გადაწყვეტილი მაქვს, რომ მეც უნდა გავჩეხო. აზრი არ აქვს, ზარალია. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს და ოჯახი რამით ხომ უნდა ვარჩინოთ", – ამბობს მევენახე მალხაზ ნანობაშვილი.

"იმ 9 წელს რომ მისტირიან,  სააკაშვილი რომ არ ვარგოდა, ხომ იმიტომ გადავაყენეთ? ესენი რას აკეთებენ, ეს მთავრობა? რატომ ხელს არ გვიწყობენ? თუ ვერც ღვინო გააქვთ უცხოეთში, ვერც რუსეთთან ალაგებენ ურთიერთობას, ვერც საქართველოში ახერხებენ ვერაფერს, რისთვის არიან? მარტო იმიტომ, რომ პრემიები აიღონ?", – აღნიშნავს ალიკა ხატიაშვილი.

ყურძნის გასაყიდ ფასთან და ღვინის ქარხნებში ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 22 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 35 765 ტონა ყურძენი.

წელს კახეთში ყურძნის უხვი მოსავალია. რეგიონში 200 ათას ტონამდე ყურძენია მოსალოდნელი.

წყარო