ქართული ისტორიული ქსოვილების აღდგენა მალე დასრულდება

ქართული ისტორიული ქსოვილების აღდგენის პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება.

ამის შესახებ პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გიორგი კალანდიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აღდგენილია თამარ მეფის, რატი სურამელის, დადიანების, ჯაყელების, ბაგრატიონების ქსოვილები: ”აღდგენილია სამეგრელოს მეფე-მთავართა ქსოვილები, ჩვენ ძირითადად, დავამთავრეთ დადიანების ქსოვილების აღდგენა, ეს არის მე-11, მე-12, მე-17 საუკუნის ქსოვილები. ასევე აღდგენილია რატი სურამელის (ვარძიის ფრესკიდან), თამარ მეფის (ვარძიის ფრესკიდან), ჯაყელების ქსოვილები და ბაგრატიონების ქსოვილები”, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.

მისივე ინფორმაციით, 500-ზე მეტი ნიმუში უკვე გადმოხატულია. ქსოვილების აღდგენის პროცესი კი, დაახლოებით, ნახევარ წელიწადში დასრულდება.

”ეს არის საკმაოდ რთული და ვრცელი პროცესი, ჩვენ უშუალოდ ყველა ფრესკასთან მივდივართ, ხდება ფრესკის ფოტოფიქსაცია, შემდეგ ხდება ამ ვიზუალური ფორმის გადმოხატვა. აქ საჭიროა ორი ეტაპის მხატვარი - ერთი, რომელსაც ეს ყველაფერი ქაღალდზე გადმოაქვს, შემდეგ ქაღალდიდან გადააქვთ ქსოვილზე, და ქსოვილი უკვე ხელშესახები ხდება. 500-ზე მეტი ნიმუში უკვე გადმოხატულია, ჩატარებულია კოლოსალური სამუშაო. ვფიქრობთ, დაახლოებით ნახევარ წელიწადში ჩვენ საშუალება გვექნება გამოვფინოთ ქსოვილების ნიმუშები”, - აღნიშნა კალანდიამ.

პროექტი ხელოვნების სასახლეში დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. პროექტის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.