ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამები რიგ სოფლებში დასრულებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამები რიგ სოფლებში დასრულებულია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით სოფლებში ცემში, ლიბანში, დგვარსა და დაბა ახალდაბაში მოწესრიგდა გარე განათების სისტემა; შესრულდა ასევე დაბა ახალდაბასა და ყვიბისში სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები; სოფელ ტაძრისში რეაბილიტაცია ჩაუტარდა რიტუალების სახლს.

სოფლის პროგრამების ფარგლებში სამუშაოები დღესაც აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში სასმელ წყალთან დაკავშირებული პროექტების, ასევე რიტუალების სახლის, თავშეყრის ადგილებისა და ხიდების რეაბილიტაცია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტში არსებულ 30 სოფელსა და 3 დაბაში სოფლის პროგრამებით ჯამში 43 პროექტი ხორციელდება. სამუშაოებისათვის 428 866 ლარი გაიხარჯება. გამგებლის თქმით, სოფლებში ტაბაწყურში, ბალანთაში, ჭიხარულაში, მოლითში, ჩითახევსა და ქვაბისხევში მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პრიორიტეტების შესასრულებლად არასაკმარისი თანხის გამო 16 244 ლარის თანადაფინანსება განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" უმთავრესად მიმართულია კონკრეტული სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მოსაგვარებლად.