პეტრე ცისკარიშვილი: ჩვენი ამოცანაა, კოლექტიური მეჭიაურის ზედამხედველობა საბანკო სფეროს ჩამოვაცილოთ

ჩვენი ამოცანაა, კოლექტიური მეჭიაურის ზედამხედველობა ჩამოვაცილოთ საბანკო სფეროს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სარჩელზე ხელმომწერი 39 დეპუტატი მიიჩნევს, რომ ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევით ეროვნულ ბანკს შეეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელება და დაირღვა ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის. "საბანკო სფერო არ არის ცალკე განყენებული ეკონომიკური სექტორი. მას კავშირი აქვს ეკონომიკის ყველა სფეროსთან, თითოეულ ფიზიკურ პირთან, მოქალაქეებთან. ოცნებისა და მეჭიაურების მმართველობა და ზედამხედველობა ამ სფეროს მიმართ უქმნის საფრთხეს მთლიანად ეკონომიკას და ქვეყნის სტაბილურობას. სასწრაფოდ არის ჩასატარებელი განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც უნდა გაირკვეს და გადაწყდეს ამ ახალი საზედამხედველო სააგენტოს ბედი, რომ შეწყდეს მისი ფუნქციონირება და ეს ფუნქციები შენარჩუნებული იყოს ეროვნული ბანკის შიგნით", - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

სარჩელს "თავისუფალი დემოკრატების" და "ნაციონალური მოძრაობის" 39 დეპუტატი აწერს ხელს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მიღებული ნორმის შეუჩერებლობის შემთხვევაში, ახალი სააგენტოს მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება უკანონოდ უნდა გამოცხადდეს თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მთავრობის გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს.