ოთარ დანელია გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფს - "GET - საქართველო" წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი უწყებებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული დარგობრივი, დამოუკიდებელი ანალიტიკური კვლევების განხილვა იყო. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საქართველოში ღვინის წარმოების მიმართულებით მოკლევადიანი და გრძელვადიანი გამოწვევებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების პოტენციალის შესახებ. მხარეებმა ასევე იმსჯელეს აგროსასურსათო სექტორში საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ოთარ დანელიამ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პროდუქტზე გაამახვილა ყურადღება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.