კიდევ გაძვირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები, დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომა 12 აგვისტოს გამართა, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 5.50%-დან 6.0%-მდე გაიზარდა. როგორც ეროვნულ ბანკში მაშინ განაცხადეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით, გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი გარე და შიდა რისკები. არსებული პროგნოზის შესაბამისად, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია. თუ არ გამოიკვეთა დამატებითი შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლოს 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემდეგ, მასზე მიბმული, ლარში გამოტანილი იპოთეკური და ბიზნეს სესხები ნახევარი პროცენტით გაძვირდა. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8208 ადამიანს გაუძვირდა.