გიორგი ქადაგიძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა იპოვა ახალი წონასწორობის კორიდორი

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა იპოვა ის ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლის განმავლობაში სხვადასხვა პროცესს ჰქონდა ადგილი, რამაც ლარის კურსის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.  "შარშან აგვისტოს თვიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად შემცირდა მთავარი სავალუტო შემოდინებები, როგორიც არის ექსპორტი, გზავნილები და სხვა. ჯამურად ამ თანხამ წლიურად მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ქართული ეკონომიკისთვის უზარმაზარი თანხაა, შესაბამისად, ამან გამოიწვია ლარის გაუფასურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა მათი ხარჯვა-მოხმარება, რამაც თავის მხრივ შეამცირა იმპორტი. ამ პროცესში რეზერვების გამოყენება იქნებოდა მცდარი გადაწყვეტილება, რადგან შეუძლებელია სავალუტო შემოდინებები დააკომპენსირო სავალუტო რეზერვებით. ეს ვერ შეძლეს ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერმა ქვეყნებმა", - განაცხდა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, სავალუტო შემოდინებები შემცირდა, რადგან მთავარი წყაროები შემოდინებების, როგორც არის ექსპორტი, გზავნილები, შემცირდა. "ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გაუფასურების პროცესში რეზერვების დახარჯვას აზრი არ ექნებოდა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას დადებითად აფასებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ლარის გამყარებას ჰქონდეს შეუქცევადი პროცესი გრძელვადიან პერიოდში და დაუბრუნდეს თავის პირველად ნიშნულს, რა თქმა უნდა, არის აღდგეს ის შემოსავლები, იქნება ეს ინვესტიციების, ექსპორტის თუ ტურიზმის ზრდით და აშ. დღეს ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, არის სხვა საკითხი, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება და ველოდებით თუ არა ჩვენ ამ პროცესს. დღეს სიტუაცია არის განსხვავებული, ვიდრე იყო წინა თვეებში, რადგან ის დაკლებული მილიარდი დოლარი უკვე ასახულია ამ კურსში, შესაბამისად, შემცირებულია იმპორტი და რა თქმა უნდა, ამ პირობებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა იპოვა ის ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ლარის მეტად გაუფასურება მოსალოდნელი არ არის. "ჩვენ აღარ ველოდებით კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ლარზე და ლარის გაუფასურებას. ეს არის ის შეთანხმება, რა შეთანხმებაც გვაქვს ჩვენ მთავრობასთან. ჩვენ ვთანხმდებით მთავარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს მილიარდი დოლარი, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც სესხი აქვთ დოლარში, უკვე ასახულია გაუფასურებაში, შესაბამისად, თუ მაინც გაგრძელდა ზეწოლა ლარზე, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ერთის მხრივ განახორციელებს უფრო აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკას, მეორეს მხრივ მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მესამე - ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ გვჭირდება სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულება, რადგან ეს არის მწვანე შუქი სხვა დონორებისთვის და ეს არის ძალიან პოზიტიური მესიჯი ინვესტორებისთვის. ამ ღონისძიების გატარების შედეგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდგომ გაუფასურებას არ ველოდებით და ამ ეტაპისთვის სხვა თანაბარ პირობებში კურსი არის ახალი წონასწორობის კორიდორში. მაგრამ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის იყოს შვება და ეს დამძიმებული სოციალური ტვირთი, რომელიც უმეტესმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო, ამისთვის საჭიროა მათი რეალური შემოსავლების ზრდა და ეს საჭიროა იმ შემთხვევაში თუ აღდგება ის შემოდინებები, რომელიც ქვეყანას დააკლდა ბოლო წლის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე თქმით, თუ ფულის შემოდინებები გაიზარდა, ლარის კურსს ექნება გამყარების ტენდენცია. "იმპორტი არის მილიარდი დოლარით შემცირებული, სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლების მოხმარება არის შემცირებული და ამაში კარგი არაფერია, თუმცა, ლარის კურსზე გავლენის თვალსაზრისით ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს ის კლება, რომელიც ჩვენ მივიღეთ უკვე აისახა, ამიტომ თუ შემოდინებები გაიზარდა, ლარის კურსს ექნება გამყარების ტენდენცია და რეალური შემოსავლები ჩვენი მოსახლეობისა გაიზრდება. დღეის მდგომარეობით, ეს არის ახალი წონასწორობის კორიდორი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს", - განაცხადა ქადაგიძემ.