რამდენით შემცირდა რეალური ხელფასი საქართველოში

ბოლო ერთ წელიწადში დოლარის მიმართ თითქმის ყველა ვალუტა გაუფასურდა. დოლარი, რომელიც 1944 წელს, ამერიკის ქალაქ ბრეტონ-ვუდსში გამართულ კონფერენციაზე მსოფლიოს მთავარ სარეზერვო ვალუტად გამოცხადდა, თავის პოზიციებს არ თმობს.

რამდენად შემცირდა საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი ლარის გაუფასურების და დოლარის გაძვირების გამო? - ამ შეკითხვით bpn-მა ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს მიმართა.

სოსო არჩვაძე: შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საკმაოდ უცნაური და საინტერესო სიტუაცია გვაქვს - მართალია, ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსი დაეცა, მაგრამ ფასების საგანგაშო ზრდას ადგილი არ ჰქონია. საერთოდ, რეალური ხელფასი ინფლაციის მაჩვენებელზეა დამოკიდებული და რაც უფრო მაღალია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი, მით უფრო დაბალია საშუალო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა, მისი რეალური დონე. მინდა ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ, ლარის კურსის დაცემას საქართველოში სამომხმარებლო ფასების კატასტროფული ზრდა არ მოჰყოლია, ანუ თანაფარდობა ლარის გაუფასურების ტემპსა და ფასების ზრდას შორის არ შეიმჩნევა. შედარებისთვის: ლარის კურსი დაახლოებით 40%-ით დაეცა, ხოლო ფასები - 7-8%-ით გაიზარდა.

- როგორ ითვლიან რეალურ ხელფასს საქართველოში?

- სტატისტიკის სამსახურის მუშაკები რეალური ხელფასის დათვლისას ნომინალურ ხელფასს სამომხმარებლო ფასების ინდექსზე ყოფენ. წელს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ საშუალო ხელფასი სადღაც 940 ლარამდეა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარება გვინდა, ეს ციფრი ინფლაციის საშუალო მაჩვენებელზე უნდა გავყოთ: 2015 წლის აგვისტოში, 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონემ 5,4 პროცენტი შეადგინა. ვღებულობთ საშუალოდ 880 ლარს. ანუ რა გამოდის? - ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონია რეალური ხელფასის მნიშვნელოვან დაცემას.

- ბატონო სოსო, თქვენი აზრით, რატომ არ გაიზარდა საგრძნობლად ფასები?

- ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა დაბალია და მეწარმეები ბოლო მომენტამდე ცდილობენ საცალო ფასები არ გაზარდონ, რადგან ფასების ახალ ნიშნულზე გადაყვანა აუცილებლად გამოიწვევს მათ ნაწარმზე მოთხოვნის შემცირებას. ამიტომ, საინტერესო მოვლენის წინაშე აღმოვჩნდით: ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, მაგრამ ამ მოვლენას არ მოჰყოლია რეალური ხელფასის მკვეთრი დაცემა. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში საპირისპირო ტენდენცია მივიღოთ: მეტნაკლებად შენელდეს ლარის კურსის დაცემა, მაგრამ ფასებმა მოიმატოს, რასაც ელექტროენერგიის ფასის ზრდა გამოიწვევს - ყველამ ვიცით, რომ მოსახლეობას ელექტროენერგია დაახლოებით 1/3-ით გაუძვირდა. 

- ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ხელფასი 940 ლარის ოდენობით ბევრს არა აქვს...

- სამწუხაროდ, ჩვენთან დასაქმებულთა რაოდენობა მცირეა. ცოტაა ხალხი, ვინც რეგულარულად იღებს ხელფასს, ან ხელფასის ტიპის ანაზღაურებას, რადგან ყოველ 100 ადამიანზე მხოლოდ 52-53 მუშაობს. ამიტომ, ჩვენ ახლა იმათზე ვმსჯელობთ, ვინც მუშაობს და დასაქმებულია.

- აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემცირდა იმ ხალხის შემოსავალი, ვისაც მაღალი ხელფასი აქვს, მაგრამ ბანკის ვალს ისტუმრებს...

- გეთანხმებით, იმათი მდგომარეობა, ვინც საბანკო სექტორთან არის დაკავშირებული, ან იპოთეკით დატვირთული სესხი აქვს აღებული, გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს სამომხმარებლო ფასების ინდექსით მოჩანს: თუ მათ ყოველთვიურად გადასახდელი ჰქონდათ 200 დოლარი, ახლა გაცილებით მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე ერთი წლის წინ უწევდათ. ამიტომ თუ შევადარებთ ხელფასს და საბანკო სესხების რაოდენობას, მაშინ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული. იმ სესხების გამო, რაც ჩვენს მოსახლეობას დოლარში აქვს აღებული, დაახლოებით 120 მილიონი ლარით მეტის გადახდა უხდებათ მარტო პროცენტის სახით. მით უმეტეს, ვისაც მაღალი ხელფასი აქვს, იმას ხშირად სესხიც აქვს. როგორც წესი, ჩვენი საკრედიტო დაწესებულებები არ აძლევენ სესხს იმ პირებს, რომლებსაც არა აქვთ შემოსავალი ან ფინანსური სტაბილურობის სხვა მაჩვენებელი, მაგალითად, ქონება, რომელიც შეიძლება იპოთეკით დატვირთო. ამიტომ, მაღალი შემოსავლის მქონე პირები უფრო ხშირად მიმართავენ საკრედიტო დაწესებულებებს. რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით დაანგარიშებულ რეალურ ხელფასს, ის ასე საგანგაშოდ არ გამოიყურება.

- საკმაოდ უცნაურ სურათს ვიღებთ. რატომ?

- ეს იმიტომ ხდება, რომ ქვეყანაში ფასები კატასტროფულად არ გაზრდილა, მაგრამ ძალიან შემცირდა ფულადი ერთეულის მსყიდველობითუნარიანობა. ლარის კურსის დაცემა და კრედიტების მომსახურება მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სერიოზულ ტვირთს წარმოადგენს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით თუ ვიანგარიშებთ, ხელფასის ერთეულის მსყიდველობითუნარიანობა მხოლოდ 7-8 პროცენტით შემცირდა, თუმცა სინამდვილეში სიტუაცია გაცილებით რთულია.

ხათუნა ჩიგოგიძე