უკრაინამ საქართველო ტრანსფერული ფასწარმოქმნის სარისკო ქვეყნების სიიდან ამოიღო

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საქართველო იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომელთა კონტრაგენტებთან ოპერაციები კონტროლს ექვემდებარება.

აღნიშნული რეგულაცია „ტრანსფერული ფასწარმოქმნის შესახებ“ კანონის ფარგლებში ხორციელდებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოსთან ერთად, აღნიშნული სიიდან შვეიცარია, მალტა, ლიბანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სინგაპური, მაროკო, ლუქსემბურგი, იამაიკა და გვადელუპა ამოიღეს.

2013 წლის 1 სექტემბრიდან უკრაინაში მოქმედებს კანონი „ტრანსფერული ფასწარმოქმნის შესახებ უკრაინის საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული კანონის თანახმად, ტრანსფერული ფასწარმოქმნის რეგულაციები დაბალი საგადასახადო იურისდიქციის მქონე რეზიდენტებთან კონტროლირებად ოპერაციებთან მიმართებაში გამოიყენება.