თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ყველაზე დიდი წილი საბურთალოზე მოდის

თბილისში ბოლო წლებში სულ უფრო მოთხოვნადი გახდა უძრავი ქონების ისეთ ადგილას შეძენა, სადაც მეტი სუფთა ჰაერი, ნაკლები ხმაური და მოძრაობაა. თუმცა, თბილისელებისთვის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბნად მაინც რჩება საბურთალო.

საერთაშორისო უძრავი ქონების სააგენტო „ქოლიერს ინთერნეიშენალის“ უფროსი მკვლევარ-ანალიტიკოსი რამაზ შარაბიძის თქმით, თბილისში გაყიდვების ყველაზე დიდი წილი საბურთალოზე მოდის.

„პირველ რიგში, გამოვყოფდი საბურთალოს რაიონს, როგორც სიძვირის, ისე მაღალი მოთხოვნის მიხედვით, რომელიც გაყიდვების თითქმის 21%-ს შეაგენს. შემდეგ მოდის სამგორისა და გლდანის რაიონები. შეიძლება ითქვას, რომ გარეუბნებში მოთხოვნა გაორმაგდა, რაც დაბალი ფასით არის განპირობებული. საბურთალოზე 1 კვადრატული მეტრი ე.წ. თეთრი კარკასის ფასი 750 დოლარიდან 1100 დოლარამდე მერყეობს. ცენტრალურ უბნებში კი ფასი 1 200 დოლარიდან 1 800 დოლარამდე მერყეობს. გარეუბნებში ფასი კი შედარებით დაბალია, 1 კვადრატული მეტრის ფასი 450 დოლარიდან იწყება და 650 დოლარამდე მერყეობს,“ - განაცხადა რამაზ შარაბიძემ.

პრესტიჟული უბნების ხუთეულში პოზიციებს უწინდებურად ინარჩუნებს ვერა, ვაკე და მთაწმინდა. უძრავი ქონების სააგენტოში აცხადებენ, რომ პრესტიჟული უბნები გაყიდვების 10 პროცენტს შეადგენს.

„ბოლო პერიოდში პრესტიჟულ უბნებში გაყიდვები შემცირებულია, რაც მაღალი ფასით არის განპირობებული. ვაკე, სხვა უბნებისგან იმით განსხვავდება, რომ თუ სხვა უბნებში 50-კვადრატულიანი ბინები ჭარბობს, ვაკეში გასაყიდი ბინების 90%-ს 150-200 კვადრატულიანი ბინები შეადგენს“, - განუცხადა რამაზ შარაბიძემ bpn-ს.

მისივე თქმით, ლარის კურსის ცვლილება უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითად აისახა და უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 9-10%-ით შემცირდა.

თიკო გურაშვილი