რა ვითარებაა ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში

ნარჩენების გადამუშავებით და სწორი მიმართულების მიცემით წარმატებული ბიზნესის კეთებაა შესაძლებელი

საზოგადოების მზარდი ტექნოლოგიური და სამრეწველო განვითარების ტემპის კვალდაკვალ, იზრდება ადამიანის ზემოქმედება გარემოზე, რაც ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებაში გამოიხატება. დღეს უკვე მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, რომ თავად ეს ქმედებები და მათი გევრდითი მოვლენები იწვევს კლიმატის ცვლილებას, რაც ზრდის ბუნებრივი კატასტროფების ალბათობას და საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას.

საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში არ ხდება ნარჩენების გატანა, ადგილობრივებს შექმნილი აქვთ ,,კუსტარული“ ნაგავსაყრელები, რომლებზეც უკონტროლოდ იყრება საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენები. მოსახლეობას კი ნაკლებად აქვს გააზრებული, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მათ ჯანმრთელობას მსგავსმა ბიოდეგრადირებადმა ნაგავმა. ორგანიზაცია CENN-ის პროგრამის ხელმძღვანელის, კახა რუხაიას თქმით, ნაგავსაყრელზე, ჟანგბადის სიმცირის პირობებში, ბიოდეგრადირებადი ნარჩენები სრულად არ იხრწნება, რის შედეგადაც გამოიყოფა მეთანი, საშიში სათბურის აირი, რომელიც 25-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნახშირორჟანგი. ზოგიერთი ნარჩენის (მაგალითად ფოთლების) წვის დროს კი გამოიყოფა ისეთი ნივთიერება, რომელიც პირდაპირ მოქმედებს უჯრედების დეგრადაციაზე და იწვევს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. იმ შემთხვევაში, რომ ხდებოდეს ნაგავსაყრელების ეფექტური მართვა, ზიანი სარგებლობით შეიცვლებოდა.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ საშუალო ზომის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიერ წარმოქმნილი მეთანიდან მიღებული ელექტროენერგიით შესაძლებელია 20 000 ოჯახის უზრუნველყოფა ერთი წლის განმავლობაში. შეფასების მიხედვით, ნაგავსაყრელზე გაგზავნილი მასალების კომერციული ღირებულება შეიძლება წელიწადში 5,25 მილიონ ევროს უტოლდებოდეს. საქართველოს მასშტაბით წარმოიქმნება დაახლოებით 1 000 000 ტ/წ საყოფაცხოვრებო ნარჩენი, თბილისში 365 000 ტ/წ. აქედან 6 000 ტ/წ ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ, არაბიოდეგრადირებად ნარჩენზე მოდის. ცნობისთვის, თუ ქაღალდის ხელსახოცის გახრწნას 2-დან 3 კვირამდე დრო სჭირდება, პოლიეთილენის პარკი იგივე პროცესს საუკუნეების მანძილზე გადის. ასე რომ, თითოეული უკონტროლოდ დაგდებული პოლიეთილენი, აუცილებლად გადაყვება ჩვენი შვილთაშვილების თაობას.

საქართველოში წლების მანძილზე არ არსებობდა კონკრეტული რეგლამენტი, რომელიც ნარჩენების მართვის სისტემას ასე თუ ისე გააკონტროლებდა. მსგავსი კანონპროექტი წელს შევიდა ძალაში. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლის, ნინო შავგულიძის თქმით, საჭიროა მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, რათა რეალურად შესაძლებელი იყოს ზედამხედველობის განხორციელება: „ დროა, ქვეყანამ იცოდეს, რა უჯდება და მომავალში რა დაუჯდება ნარჩენების ეფექტური მართვა. შესაძლოა რამდენიმე ვარიანტის განხილვა, მაგალითად ნაწილი ისევ დაიფაროს სუბსიდირებით სახელმწიფოს მხრიდან, ან შემოღებულ იქნას სოციალური ტარიფები. ქვეყანა ვალდებულია, ამ ძალიან რთული პრობლემის მოგვარებისათვის ნაბიჯები გადადგას.“

მსგავსი გამოცდილება უკვე კარგა ხნის წინ შეიძინეს ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში. განვითარებულმა ქვეყნებმა ნარჩენების, როგორც არასასურველი ტვირთის აღქმა ჩაანაცვლეს ნარჩენის, როგორც ღირებული რესურსის აღქმით. ევროკავშირის მეშვიდე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა (2020) რამდენიმე პრიორიტეტულ მიზანს ისახავს. კერძოდ, ნარჩენების რესურსად გარდაქმნა და მომხმარებლის გარემოზე ზეგავლენის შემცირება ნარჩენების იერარქიის დანერგვის გზით. საქართველოში დღესდღეობით სახელმწიფოს მხრიდან ნარჩენების არანაირი დახარისხება არ ხდება. საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნაგავი, უკეთეს შემთხვევაში, მიემართება ნაგავსაყრელისკენ, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი სადრენაჟო სისტემები, ზიანს აყენებენ გარემოს, წარმოქმნილი სითხე იღვრება ნიადაგში და ხშირ შემთხვევაში, ბინძურდება გრუნტის წყლები.

ნარჩენების გადამუშავებით და სწორი მიმართულების მიცემით რომ ბიზნესის კეთებაა შესაძლებელი, ამის დასტური წეროვანში არსებული მუყაოს გადამამუშავებელი საწარმოა.

ნედლეული, რომელზეც აღნიშნული საწარმოს ფუნქციონირებაა დამოკიდებული - მაკულატურაა, რომელსაც შემგროვებელ პუნქტებში ერთ კილოგრამს 15 თეთრად იბარებენ. საწარმოს დირექტორის, არჩილ თვარაძის თქმით, ქარხანაში 120 ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოს შემოსავალი მზარდია და გოფრირებული მუყაოთი დამზადებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის ყუთები იყიდება, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ქვეყანაში ერთადერთი მინის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კონკურენციას უწევს სომხეთს, აზერბაიჯანსა და სამხრეთ რუსეთს, თურქული კომპანია ,,შიშეჯამის" მიერ განხორციელებული ინვესტიციით შეიქმნა

. ძირითადი ნედლეული, რომლითაც აქ ბოთლებისა და მინის სხვადასხვა ჭურჭლის დამზადება ხდება, არაორგანული ნივთიერებაა. ადგილზე მეორადი დამუშავებით შესაძლებელია ახალი ნაწარმის შექმნა. ქარხანაში დამზადებული ბოთლები ექსპორტზე გადის აზერბაიჯანში, თურქეთსა და იტალიაში. საწარმოს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის, თამაზ ჭინჭარაულის თქმით, ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ,,ამ ეტაპზე, რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბაზარზე არსებული სიტუაცია საკმაოდ რთულია, მოთხოვნა შემცირებულია. ეს წელი და ალბათ შემდეგიც, რთული იქნება ჩვენი საწარმოსთვის, რადგან კურსის ცვალებადობის გამო ფინანსურ ზარალს ველოდებით," -აღნიშნა ჭინჭარაულმა.

ქრისტინე გამთენაძე