საქართველო-საფრანგეთის ბიზნესფორუმი ჩატარდა

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საფრანგეთის ბიზნესკონფედერაციის - MEDEF - ორგანიზებით დღეს, პარიზში ბიზნესფორუმი ჩატარდა. საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პარიზში იმყოფება, სადაც დღეს ორმხრივი ბიზნესფორუმი ჩატარდა.  მათივე ცნობით, ღონისძიებას საფრანგეთის ბიზნესკონფედერაციის პრეზიდენტი, ჟან ბურელი მასპინძლობს და მისი მიზანია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ფრანგული ბიზნესსაზოგადოებისათვის გაცნობა და მათი კონკრეტული პროექტებით დაინტერესება.

ღონისძიებაზე პრეზენტაციებით წარდგნენ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი და საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი. ბიზნესფორუმი ასევე ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის სესიას და ორმხრივ შეხვედრებს. ფორუმის ფარგლებში ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და MEDEF-ს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ინფორმაციის რეგულარულ გაცვლასა და ბიზნესღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზებაში ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.