აკაკი ცომაია: ინტერვენციებმა აჩვენა, რომ მოლოდინების ვექტორი შეცვლილია

ინტერვენციებმა აჩვენა, რომ მოლოდინების ვექტორი შეცვლილია, - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა. კითხვაზე - რატომ ვერ გაყიდა მთლიანად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი რეზერვები, აკაკი ცომაია ნაკლები ოდენობის გაყიდვას ტრენდის შეცვლას უკავშირებს. "მოთხოვნა არ იყო და ნაკლები ოდენობა იმიტომ გაიყიდა, რომ ტრენდი შეიცვალა - თუ იყო ნეგატიური, გახდა პოზიტიური. ეს მოლოდინებს უკავშირდება. არის მოლოდინი, რომ ვალუტა უფრო მეტად გამყარდება, ამიტომაც არ გაიყიდა იმ რაოდენობის რეზერვი, რაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გამოიტანა. როცა ნაკლები რაოდენობა იყიდება, ტრენდი ამაზე მიუთითებს", - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებას, რომ ლარმა ახალი წონასწორობის კორიდორი იპოვა, აკაკი ცომაიას განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ლარის რყევა გარკვეული ამპლიტუდით - ან ზემოთ, ან ქვემოთ ამ მიდამოებში უნდა მოხდეს. "ეს არის საბაზრო ფასი. ის ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ლარის გაუფასურებას იწვევდა, ამოიწურა, ამიტომ ლარმა თავისი გაუფასურებით ეს ახალი ნიშა, ახალი ფასი მონახა, რის მიხედვითაც, დამყარდა ახალი წონასწორობა. იმპორტი იმ რაოდენობით შემცირდა, რა რაოდენობითაც შემცირდა სავალუტო შემოდინებები და სავაჭრო ბალანსში მოხდა ჩასწორება. მარტივად რომ ვთქვათ, სავაჭრო ბალანსის ის დეფიციტი, რომელიც სავალუტო შემოდინებების დაკლების გამო შეიქმნა, ლარის ახალმა კურსმა ამოწურა, ამიტომ ეს არის ლარის ახალი წონასწორობის წერტილი, საბაზრო კურსი, ანუ ლარის რყევა გარკვეული ამპლიტუდით - ან ზემოთ, ან ქვემოთ ამ მიდამოებში უნდა მოხდეს. კორიდორი ამას ნიშნავს და სხვას არაფერს. იქვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ის გაუფასურებას არ ელოდება. სხვა თანაბარი პირობები ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში ახალი საგარეო შოკი მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა ცომაიამ.

როგორც ცომაიამ აღნიშნა, ინტერვენციებმა აჩვენა, რომ მოლოდინების ვექტორი შეცვლილია. "ბოლო პერიოდში იყო უარყოფითი მოლოდინები და ლარი უფასურდებოდა. კარგი იქნებოდა, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მოქმედება ბევრად ადრე განხორციელებულიყო, თუმცა ამან თავისი შედეგი გამოიღო. ეს არის სწორედ მოლოდინების მართვა, როდესაც როგორც იქნა მთავრობის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობა ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს. ანალოგიური განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. ბუნებრივია, ამან ადამიანების განწყობაზე იმოქმედა, რამაც მთლიანობაში ტრენდი შეცვალა", - განაცხადა ცომაიამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა. აუქციონზე 26 960 000 აშშ დოლარი გაიყიდა. ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4083 შეადგინა.