ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 25 მლნ ლარს მიაღწია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 25 მლნ ლარს მიაღწია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 42 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 17 ათას ტონამდე რქაწითელი, 19 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.  მათივე ინფორმაციით, განვლილი 24 საათის განმავლობაში 6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც მიმდინარე რთველის სეზონის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

"ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებული შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი - 14 ათას ტონამდე, ყვარელი - 8,6 ათას ტონამდე და თელავი - 6,8 ათას ტონამდე. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 70 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 15 ღვინის საწარმო.  რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge", - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.