ტურიზმის ადმინისტრაციამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 21-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 21-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა 12-17 სექტემბერს კოლუმბიის ქალაქ მედელინში გაიმართა. ღონისძიებას 120 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ესწრებოდა. ქართული მხარე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პოლოლიკაშვილი მიერ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში საქართველომ სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის წევრობა მეორე ვადით, 2020 წლამდე მოიპოვა.  "კომიტეტის წევრობა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკის თანამედროვე მეთოდებით წარმოების კუთხით. საქართველო ასევე შერჩეულ იქნა ზემოხსენებული კომიტეტის მომდევნო შეხვედრის მასპინძელ ქვეყნად. აღნიშნული პირველი შემთხვევაა, როდესაც ხსენებული კომიტეტის სხდომა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შტაბ-ბინის ფარგლებს გარეთ იმართება",-აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ამასთან, კოსტა-რიკისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გასტრონომიული ქსელის (UNWTO Gastronomy Network) ფორმატში წარადგინეს ინიციატივა, ორგანიზაციის პირველი ღვინის ტურიზმის ფორუმისა და მაღალი რანგის შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ღონისძიება 2016 წლისათვის დაიგეგმა და მისი ჩატარების ადგილად საქართველო შეირჩა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში არაერთხელ აღინიშნა საქართველოს წვლილი აბერშუმის გზის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის კუთხითაც.

ასამბლეის მსვლელობისას საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის, დელეგაციის ხელმძღვანელმა გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კოლუმბიის პრეზიდენტთან ხუან მანუელ სანტოსთან, კოლუმბიის კომერციის, ინდუსტრიისა და ტურიზმის მინისტრთან და ქალაქ მედელინის მერთან. ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები პორტუგალიის, საფრანგეთის, მექსიკის, ირანის, ხორვატიის, არგენტინის, კორეის, იაპონიის, ჩინეთის, ავსტრიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, კოსტა-რიკის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების დელეგაციებთან. ამასთან, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასამბლეის პარალელურად მიმდინარე მნიშვნელოვან ფორუმებსა და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.