მთავრობა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯების შემცირებაზე ჯერ არ ფიქრობს

მთავრობა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირებაზე ამ ეტაპზე არ ფიქრობს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისივე განმარტებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებდა, ამოწურულია. "როგორც ყველასთვის ცნობილია, მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებდა, ამოწურულია და ბოლო დღეებში აშკარად შეიმჩნევა მისი ცვლილება. რაც შეეხება მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯებს, ჩვენ ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ შემცირების მიმართულებით ცვლილებაზე. ვაკვირდებით მაკროეკონომიკურ პარამეტრებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გაცვლით კურსზე გავლენას არ ახდენს.