გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ევროპული კომპანიებისთვის რეგიონში ლიდერი ქვეყანაა

საქართველო ევროპული კომპანიებისთვის რეგიონში ლიდერი ქვეყანაა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარიზში, საფრანგეთის ბიზნესკონფედერაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის "MEDEF International"-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს დელეგაციას უმასპინძლეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ევროპის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებაში MEDEF International შეხვედრა გამართა. "საქართველო არის ლიდერი და მოდელი რეგიონში, ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. საქართველო არის რეგიონში საიმედო საინვესტიციო და სავაჭრო პარტნიორი, მას ევროპული კომპანიებისთვის გააჩნია ბევრი მიმზიდველი ფაქტორები როგორც ინვესტიციების, ასევე ინოვაციებისა და ბიზნეს იდეების განხორციელების თვალსაზრისით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა ფრანგული ბიზნესის წარმომადგენლებთან მისასალმებელ სიტყვაში.

საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა "MEDEF International"-ის პრეზიდენტმა ჟან ბიურელემ გახსნა. "დღევანდელი შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი იყო ორივე მხარისთის. "MEDEF International"-ისთვის ეს შეხვედრა საქართველოზე დადებითი წარმოდგენით დასრულდა, ეს არის ეკონომიკა, რომელიც სწორ ლიბერალურ გზას ადგას, ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ფრანგი ბიზნესმენები კარგად არიან ინფორმირებულები და მზად არიან საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა ორგანიზაციის პრეზიდენტმა.

ღონისძიებაში ფრანგული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს MEDEF International-ის წევრმა კომპანიებმა საბანკო, კომერციის, ენერგეტიკული, საკომუნიკაციო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორებიდან, ასევე საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა (საფრანგეთის საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ეკონომიკის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები) და სააგენტოების მაღალი დონის წარმომადგენლებმა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ასლანიშვილმა მიმართეს. მათ საფრანგეთის სახელმწიფოს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს, ბიზნესასოციაციასა და "MEDEF International"-ს შორის. "MEDEF International" არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საფრანგეთის ბიზნესკონფედერაციას და კონფედერაციის წევრ 800 ათასამდე კომპანიას აერთიანებს. იგი საერთაშორისო დონეზე, ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ფრანგული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებას, საერთაშორისო ვაჭრობას და ნოუ-ჰაუს დანერგვას. ორგანიზაციის ეგიდით საქართველოში შედგა არაერთი ბიზნესმისია, ხოლო 2015 წლის მაისში "MEDEF International"-ის დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ კონფერენციაში. შეხვედრის დასასრულს საქართველოს ვიცე-პრემიერმა ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.