დავით საგანელიძე: ჩვენ შევქმნით საფინანსო განვითარების ინსტიტუტს, რომელიც შეძლებს დიდი მასშტაბის ინვესტიციების მოზიდვას

ჩვენ შევქმნით საფინანსო განვითარების ინსტიტუტს, რომელიც შეძლებს დიდი მასშტაბის ინვესტიციების მოზიდვას და იმ გეგმას განახორციელებს, რომელიც ჩვენ 2012 წელს ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით დავიწყეთ ეკონომიკური გარდაქმნების სფეროში, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ახალმა ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

მან მთავრობას და საპარტნიორო ფონდის საბჭოს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. "საპარტნიორო ფონდი ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურა იყო, არის და დარწმუნებული ვარ, იქნება, რომელმაც ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა და მე მივესალმები იმ გრანდიოზულ გეგმებს, რომლებიც ამ ფონდმა ბატონი ირაკლის ხელმძღვანელობით გააკეთა და ბევრს გააკეთებს კიდევ. იმედი მაქვს, რომ მთავრობასთან ერთად ჩვენ შევძლებთ სერიოზული რესტრუქტურიზაციის გაკეთებას ამ ფონდის ბაზაზე. ჩვენ შევქმნით, ალბათ, დიდ საფინანსო განვითარების ინსტიტუტს საქართველოში, რომელიც ბევრად უფრო დიდი მასშტაბის ინვესტიციების მოზიდვას შეძლებს ქვეყანაში და იმ გეგმას განახორციელებს, რომელიც ჩვენ 2012 წელს ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით დავიწყეთ ეკონომიკური გარდაქმნების სფეროში", - აღნიშნა საგანელიძემ.

მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს პარლამენტში და აღნიშნა, რომ ყველა ძალიან უყვარს, პატივს სცემს და დარწმუნებულია, პარლამენტი წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას, ისევე, როგორც წარმატებული იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ლიდერი, დავით საგენელიძის თქმით, ამას თავად "ქართული ოცნების" უმრავლესობა გადაწყვეტს.