"საპარტნიორო ფონდმა ბოლო ორი წლის განმავლობაში განახორციელა ყველა სტრატეგიული ამოცანა, რაც მის წინაშე იდგა"

საპარტნიორო ფონდმა ბოლო ორი წლის განმავლობაში განახორციელა ყველა სტრატეგიული პროექტი, ამოცანა, რაც მის წინაშე იდგა, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი კოვზანაძემ გუშინ მთავრობის კანცელარიაში, ფონდის ახალი ხელმძღვანელის წარდგენის დროს განაცხადა.

"საპარტნიორო ფონდმა ბოლო ორი წლის განმავლობაში განახორციელა ყველა სტრატეგიული პროექტი, ამოცანა, რაც მის წინაშე იდგა. პროექტების საინვესტიციო მოცულობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის 2 მილიარდი დოლარი. მათ შორის არის "გარდაბნის" თბოელექტროსადგური, "ნესკრას" ჰიდროელექტროსადგური, თვითმფრინავების ქარხანა თბილისში, "რიქსოსი ლიკანში" 5 ბრენდული სასტუმრო საქართველოში და სხვადასხვა პროექტები. ბოლო სასიხარულო, რაც მინდა გაცნობით, გახლავთ ის, რომ "კრედიტ სვისმა", უმსხვილესმა საფინანსო ინსტიტუტმა საპარტნიორო ფონდს 150 მლნ დოლარის სესხი დაუმტკიცა და მათ შორის 100 მილიონი დოლარი ჩაირიცხა ჩვენს ანგარიშზე. ეს თანხა მოხმარდება ახალი პროექტების განხორციელებას. მინდა, მადლობა გადავუხადო საპარტნიორო ფონდის ყველა თანამშრომელს თანადგომისათვის, რომელსაც მე ყოველდღიურად ვგრძნობ, აგრეთვე იმ ქართველ და უცხოელ პარტნიორს, რომელთან ერთადაც ჩვენ ვახორციელებთ დიდ პროექტებს საქართველოს ეკონომიკის სიძლიერისათვის", - განაცხადა კოვზანაძემ.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დავით საგანელიძე დაინიშნა. ირაკლი კოვზანაძემ დავით საგანელიძეს წარმატებები უსურვა. რაც შეეხება კოვზანაძეს, იგი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.