ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ინოვაციური მეწარმეობის სატრენინგო პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევას იწყებს

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს მონაწილეთა შერჩევას ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური მეწარმეობის სატრენინგო პროგრამისთვის, რომელიც 1-13 ნოემბერს, ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბრიფინგს გამართავს.  როგორც სააგენტოში აცხადებენ, ისრაელი ინოვაციური სტარტ-აპების კუთხით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში და მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციურად მოაზროვნე და მეწარმული იდეების მქონე ახალგაზრდების განვითარებას, მათთვის მაღალი დონის, საერთაშორისო, პრაქტიკული ცოდნის გადაცემას და გლობალური მნიშვნელობის კომპანიების ჩამოყალიბებაში დახმარებას.

პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა, ენერგიულ, მეწარმული სულისკვეთების მქონე მონაწილეებისთვის, რომლებიც მზად არიან, გაიზიარონ ისრაელის გამოცდილება ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური ბიზნესის მიმართულებით, აიმაღლონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა და მიიღონ გამოცდილება, თუ როგორ გახდნენ უფრო წარმატებულები და დანერგონ შესწავლილი მეთოდოლოგიები საკუთარ საქმიანობაში. პროგრამა ებრაელი მეცენატების მიერ ფინანსდება და მასში მონაწილეობა უფასოა. პროგრამას ისრაელის ინოვაციების ეკოსისტემის მთავარი არქიტექტორები, წამყვანი IT კომპანიების თანამშრომლები, ინვესტორები და გამოცდილი მენტორები გაუძღვებიან.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები Google-ისა და Microsoft -ის ბიზნეს აქსელერატორებს ეწვევიან და ისრაელის სტარტაპ ეკოსისტემის სტრუქტურას შეისწავლიან. მონაწილეები სააგენტოსა და თელ-ავივის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის მიერ შეირჩევიან. მონაწილეთა შერჩევა პირველ ეტაპზე აპლიკაციის, ხოლო შემდეგ გასაუბრების საფუძველზე მოხდება. პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა აპლიკანტს გააჩნდეს საკუთარი სტარტაპი, ან ინოვაციური ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია.