ვის რამდენი შეხვდება ივანიშვილის ქონებიდან

"რობინ ჰუდის ინდექსში" საქართველო მე-11 პოზიციაზეა

თუ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას თანაბრად გადაუნაწილებს ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

„ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებული „რობინ ჰუდის ინდექსის“ თანახმად, საქართველოს ერთადერთი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ქონება 6 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ თანხის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობაზე გადანაწილების შემთხვევაში, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება. „ბლუმბერგის“ ინდექსის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტი კი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში 3 699 დოლარია. ინდექსში საქართველო მე-11 პოზიციაზეა.

bpn

ინდექსის შედგენისას „ბლუმბერგმა“ რადიკალურად განსხვავებული დემოკრაფიული და ეკონომიკური პირობების მქონე 42 ქვეყანა დაითვალა.  „ბლუმბერგის“ ეკონომისტები მონაცემების დათვლისას  „ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსს“ და CIA World Factbook-ს დაეყრდნენ.

„რობინ ჰუდის ინდექსში“ პირველი ადგილი ერგო კვიპროსს - თუ კვიპროსის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯონ ფრედრიკსენი, რომლის ქონებაც 15 მილიარდი დოლარია, ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას ქონებას გადაუნაწილებს, მაშინ ყოველი ღარიბი კვიპროსელი 45 987 დოლარს მიიღებს. მეორე ადგილზეა შვედეთი - თუ „იკეას“ დამფუძნებელი, მილიარდერი ინგვარ კამპრადი თავის 45-მილიარდიან ქონებას ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაზე გადაანაწილებს, თითოეულ მათგანს 33 149 დოლარი შეხვდება. მესამე პოზიცია კი ტაივანს ერგო, სადაც თუ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი ცაი ენგ-მენგი 9-მილიარდიან ქონებას ღარიბებზე გადაანაწილებს, თითოეულს 26 957 დოლარი შეხვდება.  „რობინ ჰუდის ინდექსში“ ასევე მოხვდნენ უკრაინა და რუსეთი. ინდექსის თანახმად, თუ უკრაინელი მილიარდერი რინატ ახმეტოვი, რომლის ქონებაც 12 მილიარდი დოლარი, თანხას ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაზე გადაანაწილებს, თითოეულ უკრაინელს 1 057 დოლარი შეხვდა.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, 16 მილიარდ დოლარს შეადგენს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ალიშერ უსმანოვის ქონება, რომლის ღარიბ მოსახლეობაზე განაწილების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 1 029 დოლარი შეხვდება.