ლარში ბინის დაქირავება თითქმის შეუძლებელი ხდება

ახალი სასწავლო წლის დაწყების პარალელურად, მოქალაქეები გასაქირავებელ ბინებზე გადასახადის მომატებას უჩივიან. დღემდე არსებული ტენდენცია, გარეუბნებში შედარებით დაბალი ფასების შესახებ, წელს რადიკალურად შეიცვალა. იმის გამო, რომ მესაკუთრეები ძირითადად დოლარში აქირავებენ ბინებს, ყოველთვიური ქირა ქალაქის ნებისმიერ ადგილას გაზრდილია.

ვებგვერდ Saqme.ge-ს რედაქტორის, ლელა არაბულის თქმით, სასწავლო პროცესის დაწყება და ბინებზე მოთხოვნის ზრდა ყოველთვის იწვევს ხოლმე ფასის მატებას და ამაში ახალი არაფერია, მაგრამ წელს საყურადღებოა ბოლო პერიოდის ტენდენცია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ბინის დაქირავება ეროვნულ ვალუტაში თითქმის შეუძლებელი გახდა.

"მესაკუთრეები ცდილობენ ნაკლები დანაკარგი მიიღონ და ბინა დოლარში გააქირავონ. ასე უფრო დაცულად გრძნობენ თავს. საიტზე იშვიათად თუ გადააწყდები ბინას, რომელსაც მფლობელი ლარში აქირავებს. მე ვფიქრობ, ხალხი ეიფორიაშია. ლარის კურსის ასეთი ხშირი ცვლილება არაპროგნოზირებადს ხდის მათ მოლოდინებს. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულად აზარალებს ადამიანს, რომელსაც ბინის ქირის გადახდა ყოველთვიურად უწევს. ე.წ. პრესტიჟულ უბნებში, მიუხედავად მაღალი ფასებისა, მოთხოვნის ნაკლებობა არასდროს ყოფილა, მაგრამ შეინიშნება მოთხოვნის ზრდის ტენდენცია გარეუბნებში. უნდა აღინიშნოს, რომ, თუ გასულ წელს დაახლოებით 200 ლარის ფარგლებში შეეძლო ადამიანს ეპოვა მცირე ფართის ბინა, წელს ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ფასის ცვლილება ნაკლებად შეეხო ვაკე-საბურთალოს, რადგანაც ამ უბნებში ბინის ქირა ისედაც ყოველთვის გაცილებით მაღალი იყო", - ამბობს ლელა არაბული AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ქრისტინე გამთემაძე

AMBEBI.GE