სავაჭრო ქსელებმა პროდუქტის გაძვირება გადაიფიქრეს

ლარის ერთბაშად გამყარებამ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს პროდუქტის გაძვირება გადააფიქრებინა. მათი უმეტესობა აღიარებს, რომ ჯერჯერობით საფასო პოლიტიკას არ შეცვლიან, რა თქმა უნდა, კურსის სტაბილურად შენარჩუნების შემთხვევაში. ერთხელ უკვე გაძვირებული პროდუქტის გაიაფებას კი დიდი დრო დასჭირდება.

დედაქალაქის სუპერმარკეტებსა და ტექნიკის მაღაზიებში "რეზონანსს" დაუდასტურეს, რომ საქონელს არ გააძვირებენ.

ასეთი პირობის მიღება იმპორტიორებისაგან გაცილებით გაგვიჭირდა. მათ ლარის მიმართ ნდობა იმდენად დაკარგული აქვთ, რომ პროგნოზს წინასწარ არ აკეთებენ. როგორც ვიცით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ სავაჭრო ობიექტები ძალიან დააზარალა. გარდა იმისა, რომ ბრუნვა შეუმცირდათ, ზოგიერთ სეგმენტში რეალიზაცია საერთოდ შეჩერდა.

სუპერმარკეტ "ლეგის" წარმომადგენელმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ კურსის დასტაბილურება ფასების შენარჩუნებაში დაეხმარება, თუმცა, საბოლოოდ, მაინც მეწარმეებისა და დისტრიბუტორების გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებულნი

. "ძველ საქონელს, რაც უკვე შემოვიდა, არ გავაძვირებთ. მარჟა იგივეა, არც იყო ერთი წლის წინ, მაგრამ ინფლაციური პროცესების განვითარებამ ფასებს მტკივნეულად "დაარტყა". დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ფასად მოგვაწვდიან პროდუქტს იმპოტრიორები და დისტრიბუტორები, რამდენად მოახერხებენ ფასის შენარჩუნებას. ლარის კურსმა თითქოს დაგვაიმედა, მაგრამ სტაბილურობის განცდა ჯერჯერობით არ იგრძნობა. არ ვიცით, ეროვნული ბანკი სამომავლოდ რას მოიმოქმედებს კურსის შესანარჩუნებლად. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ, პროდუქტი არ გაძვირდეს. ცხადია, ეროვნულმა ბანკმაც უნდა იზრუნოს, რომ ლარის გაუფასურება შეჩერდეს და არსებულ ტენდენციას თუ არ გააუმჯობესებენ, მინიმუმ, შენარჩუნდეს", - აცხადებენ სუპერმარკეტში.

ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის მენეჯერი ლევან ფაილოძე ფიქრობს, რომ პროდუქტის გაძვირება ჯერჯერობით არ მოუწევთ, არადა, სულ რამდენიმე დღის წინათ ფაილოძე დაუფარავად აცხადებდა, რომ მორიგ საფასო ცვლილებას არ დააყოვნებდნენ. "გადაწყვეტილების შეცვლა მოგვიწევს. კურსის სტაბილურობაზე საუბარი ძალიან ადრეა, მაგრამ არსებული ტენდენცია საკმარისი აღმოჩნდა, რომ პროდუქტის გაძვირებისგან თავი შეგვეკავებინა. ჩვენთვის თითო თეთრით გაძვირებაც მტკივნეულია, რადგან რეალიზაციაზე უარყოფითად მოქმედებს. ისედაც კრიზისში ვართ, ხალხიც იშვიათად შემოდის. ყველა ცდილობს ისეთ ადგილებში სიარულს, სადაც შედარებით იაფად ექნებათ პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა. ჩვენ შევეცდებით, მომხმარებელს სურსათი არ გავუძვიროთ და შევინარჩუნოთ ის ფასი, რის შესაძლებლობასაც ლარის კურსი მოგვცემს", -  ამბობს ლევან ფაილოძე.

მაღაზია "არანისის"  თანამშრომლის ინფორმაციით, პროდუქტის გაძვირებას უახლოეს დღეებში აპირებდნენ, მაგრამ თავის შეკავება მოუწევთ. "ბოლო დრომდე ლარი ისეთ ნიშნულზე იყო, რომ ფასის შენარჩუნება შეუძლებელი გვეგონა. საფასო პოლიტიკის გადახედვის შემდეგ ცვლილებაც დავგეგმეთ. ახლა მდგომარეობა შეიცვალა, პროცესებს დავაკვირდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ძველი მარაგი მაღაზიაში ჯერ კიდევ არსებობს, რაც ფასის შენარჩუნების საფუძველს გვაძლევს. ჩვენი გასაჭირი ისაა, რომ მოსახლეობა მსყიდველუნარიანი აღარ არის. ვნახოთ, რა მოხდება სამომავლოდ, სავალუტო კრიზისი რამდენად დაიძლევა, რომ ფასის დაჭერა შევძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ცოტათი გამყარდა, სტაბილურობის შეგრძნება ნაკლებადაა. მთავარია, დისტრიბუტორების შემოტანილ პროდუქტსაც დაეტყოს ცვლილება", - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.

ტექნიკის გაძვირება გადაიფიქრეს "ტექნო ბუმშიც". მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში მორიგი პარტიის შემოტანა გაზრდილ ფასში იგეგმებოდა, ლარის კურსის ცვლილების გამო, გადაწყვეტილება შეცვალეს.

"ტექნო ბუმის" წარმომადგენელი, თანადამფუძნებელი ეთერ ქოქოლაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით მაღაზიას ტექნიკა არ გაუძვირებია. იმ შემთხვევაში თუ კურსი შენარჩუნდება, საფასო ცვლილებას არც სამომავლოდ განახორციელებენ. "რამდენიმე თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ლარი კატასტროფულად უფასურდებოდა, ჩვენ ფასის შენარჩუნება შევძელით. ბოლო დროს მდგომარეობა იმდენად მძიმე გახდა, რომ მორიგი პარტიის შემოტანას გაზრდილი ფასით ვაპირებდით. არსებული კურსი კი მოგვცემს საშუალებას, ტექნიკა არ გავაძვიროთ, მთავარია, ტენდენცია შენარჩუნდეს. თუ ლარის გამყარება სამომავლოდაც გაგრძელდება, ფასს არ შევეხებით", - განუცხადა "რეზონანსს" ეთერ ქოქოლაძემ.

სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა დადებითი განწყობის გაზიარება იმპორტიორებს უჭირთ. ისინი არ მალავენ, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა დაკარგეს და ფასზე წინასწარ საუბარი არ სურთ. "იმპორტს ისედაც ძალიან უჭირს. უამრავ ბიზნესს შეექმნა პრობლემა და მდგომარეობდან დღემდე ვერ გამოდიან. ჩვენ შაქრის იმპორტს ვახორციელებთ, მზა პროდუქტი ჩამოგვაქვს, რომელსაც ვფუთავთ და რეალიზაციაში ვუშვებთ. ბუნებრივია, ბრუნვაც შეგვიმცირდა, მოგებას ვინ ჩივის, ბიზნესი ზარალზე წავიდა. უცნობია, რას იზამს ლარი და რის შესაძლებლობას მოგვცემს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, სანამ ტენდენცია საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება", - განაცხადა ლუკა ხიზანიშვილმა, კომპანია "ჯეოფაქის" დირექტორმა.

სავალუტო ცვლილების მიუხედავად, ხალხშიც გაურკვევლობაა. როგორც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს, ასევე მომხმარებლებს სტაბილურობის განცდა ნაკლებად აქვთ. ჯერ კიდევ უცნობია, რას იზამს ლარი და ვალუტის გამყარების ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობას რამდენად ეყოფა ძალა.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"