ოთარ დანელია ჩინეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია "სუოლუნ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის და ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობების განხილვა იყო.  შეხვედრაზე "სუოლუნ ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა შიაოჯინ იიმ ვრცლად ისაუბრა ჩინეთში გახსნილი ქართული ღვინის სახლის შესახებ, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართული პროდუქციის მიმართ ინტერსის მზარდი დინამიკა არსებობს. შესაბამისად, "სუოლუნ ჯგუფის" ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო ჰაბში, ქალაქ ივუში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება.  "ამ პროექტით, ჩვენ გვსურს ჩინეთში წარმოვადგინოთ პატარა საქართველო, თავისი კულტურით, სოფლის მეურნეობის პროდუქციითა და ტრადიციული ქართული სამზარეულოთი", - აღნიშნა შიაოჯინ იიმ.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი ღვინოზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია. მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია ჩინეთში ქართული კულტურის სახლის გახსნის პროექტის განხორციელება. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ცენტრების არსებობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. ვფიქრობ, ეს პროექტი ორმხრივად საინტერესო იქნება და კომპეტენციის ფარგლებში, მზად ვართ მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ყურადღება ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პროდუქტზე გაამახვილა. როგორც შეხვედრაზე ჩინელმა ბიზნესმენებმა აღნიშნეს, წლის ბოლომდე საქართველოდან ჩინეთში 100 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტი იგეგმება.