"თიბისი ბანკი" "აქსისის" სავაჭრო ცენტრის მშენებლობას დააფინანსებს

"თიბისი ბანკი" "აქსისის" სავაჭრო ცენტრის მშენებლობას დააფინანსებს. კომპანიების შეთანხმების თანახმად, "თიბისი ბანკი" გარკვეული პირობების შესრულების შემდგომ მრავალფუნქციური კომპლექსის "აქსის პალას 1"-ის ეზოში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროექტს დააფინანსებს; პროექტით განსაზღვრულია 7 000 კვადრატული მეტრი ეზოსა და ავტოსადგომების კეთილმოწყობაც.

"აქსისის" ოფისში "თიბისი ბანკისა" და "აქსისის" ერთობლივი პროექტის ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენცია "აქსისის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ და "თიბისი ბანკის" დირექტორის მოადგილე დავით წიკლაურმა ჩაატარეს. მათი ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში სულ მალე ერთ-ერთი გლობალური ბრენდის სუპერმარკეტი განთავსდება, სუპერმარკეტის გარშემო კი კომერციული ფართები მოეწყობა. კომერციული ფართების მშენებლობა ნაწილობრივ დასრულებულია, დასრულებულ ნაწილში კი ფართების ქირაობა უკვე შესაძლებელია. "სავაჭრო ცენტრის მშენებლობა "აქსის პალასი 1"-ის კონცეფციის სრულყოფილად შესრულებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორთან, როგორიც "თიბისი ბანკია", - განაცხადა "აქსისის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ.

"თიბისი ბანკი" კომპანიასთან წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობს და დაფინანსებული აქვს არა ერთი პროექტი. მოხარული ვართ, რომ დედაქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე პროექტი შეემატება", - განაცხადა "თიბისი ბანკის" დირექტორის მოადგილემ დავით წიკლაურმა.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, "აქსიის" სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას 2016 წლის ბოლოსთვის დაიწყებს.