მილიონერი რეპერების რეიტინგს Puff Daddy ლიდერობს

ამერიკულმა გამოცემა „ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი რეპერების რეიტინგი გამოაქვეყნა.

უკვე კარგა ხანია, რეპერების შემოსავლის ნაწილი არა საკუთრივ ჰიპ-ჰოპ მუსიკა, არამედ სულ სხვა ბიზნესია, რომელსაც ისინი წარმატებით ახორციელებენ. ამის ცოცხალი მაგალითია რეპერი „დიდი“, რომელსაც ქართველი მსმენელი ფაფ დედის სახელით იცნობს. „ფორბსის“ მონაცემებით, გასულ წელს მისმა შემოსავალმა 60 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ თანხიდან რეპერს ერთი პროცენტიც კი არ შესვლია მუსიკალური საქმიანობიდან. როგორც ჩანს, 90-იანების პოპულარულმა რეპერმა გასულ წელს კარგად გაყიდა არაყი Ciroc და ტანსაცმელი, რომელიც Sean John-ის ბრენდით გამოდის. გარდა ამისა, ფაფ დედის წყლის და სატელევიზიო ბიზნესი აქვს: ბრენდი Aquahydrate და სატელევიზიო არხი Revolt მისი საკუთრებებია.

რეიტინგის მეორე ადგილზეა მოქმედი რეპერი და მომღერალ ბიონსეს მეუღლე ჯეი-ზი, რომელმაც 56 მილიონი გამოიმუშავა და აქედან უმეტესი ნაწილი სწორედ მეუღლესთან ერთად გამართული 22 კონცერტის ბილეთების რეალიზაციიდან მიიღო. თუმცა, ჯეი ზის შემოსავალი აქვს საკუთარი კომპანიიდან Roc Nation და შუშხუნა ღვინის ბრენდიდან Armand de Brignac.

„ფორბსის“ რეიტინგში მესამე ადგილზეა კანადელი დრეიკი - 39,5 მლნ დოლარის შემოსავლით. მილიონები რეპერმა ძველი „მეთოდებით“ - ალბომების გაყიდვითა და კონცერტებით გამოიმუშავა.

ამავე რეიტინგის მეოთხე პოზიციაზეა გასული წლის ლიდერი, „ძველი სკოლის“ წარმომადგენელი დოქტორ დრი 33 მილიონით. ეს მოსალოდნელიც კი იყო, ვინაიდან მან შარშან ამერიკულ გიგანტს Apple-ს სამ მილიარდ დოლარად მიყიდა წარმატებული ბრენდი Beats By Dre, საიდანაც მისმა სუფთა წილმა 620 მილიონი დოლარი შეადგინა.

წლევანდელ ტოპ- ხუთეულს ასრულებს მუდამ „ბედნიერი“ ფარელ ვილიამსი, რომელმაც გასული ერთი წლის განმავლობაში 32 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მისი შემოსავლების დივერსიფიცირებაში დიდი წილი მოდის წარმატებული მუსიკალური პროექტის The Voice-ის მსაჯობიდან, ასევე რამდენიმე ტანსაცმლის ხაზიდან და საკუთრივ მუსიკიდან.

მაღალშემოსავლიანი რეპერების ათეულში ერთადერთი ქალი ნიკი მინაჟია, რომლის შემოსავალმაც 21 მილიონი დოლარი შეადგინა.

ტოპ 10

1. Puff Diddy: $60 Million

2. Jay Z: $56 Million

3. Drake: $39.5 Million

4. Dr. Dre: $33 Million

5. Pharrell Williams: $32 Million

6. Eminem: $31 Million

7. Kanye West: $22 Million

8. Wiz Khalifa: $21.5 Million

9. Nicki Minaj: $21 Million

10. Birdman: $18 Million

კოკა კვირკველია