ირაკლი აბესაძე ოლიმპიური ფესტივალის რეკლამირებისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის რეკლამირებისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

როგორც აბესაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის მერიაში გრძელდება საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვა და სავარაუდოდ მიტაცება, რაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან შესწავლის საგანი უნდა გახდეს. "2015 წლის 20 ივლისს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ღონისძიების უცხოურ არხებზე რეკლამირებისთვის გამოიყო 3 მილიონი ლარი. 13 ივლისს, ანუ ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე მხოლოდ 12 დღით ადრე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიამ "Innovative Media Entertaiment" აიღო ვალდებულება 1 552 852 აშშ დოლარის სანაცვლოდ განეხორციელებინა ამ ღონისძიების სარეკლამო გაშუქება უცხოურ არხებზე. ეს რა თქმა უნდა, უკვე დაგვიანებული იყო და შესაბამისად, ამ რეკლამას არანაირი გავლენა თბილისში ტურისტებისა და ვიზიტორების მოზიდვაზე არ მოუხდენია. 2015 წლის 2 სექტემბერს საორგანიზაციო კომიტეტსა და ამ კომპანიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურდა, რომ ხელშეკრულება შესრულდა სრულად და მისი ღირებულება 1 552 852 აშშ დოლარი გადახდილი იქნა", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად აღნიშნულისა, 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ უკვე ჩატარებული ფესტივალის უცხო არხებზე რეკლამირებისთვის გამოყოფილი თანხა გაზარდა 3 118 301 ლარით.  "ამტკიცო, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ ვერ გათვალეს რეკლამირების ბიუჯეტი, სრული აბსურდია და ამ შემთხვევაში აშკარად სახეზეა მილიონობით ლარის ბიუჯეტიდან მიტაცების მცდელობა. ეს მაშინ, როდესაც დენის ტარიფის გაზრდის, ასევე ზოგადად ქვეყანაში პროდუქციაზე ფასების ზრდის ფონზე მოსახლეობის გაღარიბების პარალელურად თბილისელების უმრავლესობისთვის უქმდება კომუნალური ვაუჩერი და ხორციელდება ეფექტური პროგრამები მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად", - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის წლის დასაწყისში გათვალისწინებული იყო 28 მილიონი ლარი, თუმცა საბოლოოდ გამოყოფილ იქნა 94 მილიონი ლარი. აბესაძე მიიჩნევს, რომ თითოეულ თეთრში შესაძლებელია ეჭვის შეტანა.