საქართველოს სამეურნეო პოტენციალი: რომელი კუთხე რა პროდუქციით არის მდიდარი და როგორია მათი საინვესტიციო შესაძლებლობები

მედია ჰოლდინგი "პალიტრა" უკვე აქტიურად ჩაერთო სოციალურ კამპანიაში, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ქვეყნის გაძლიერებაში ჩვენი წვლილის შეტანა და ვფიქრობთ, რომ ქვეყნის გაძლიერების ერთ-ერთი "ფრონტის ხაზი" ქართულ ნაწარმზე გადის, ვინაიდან ქართული პროდუქციის ყიდვისას ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ამით, პირველ რიგში, ლარზე ზეწოლა შემცირდება. თუმცა მთავარი კი ის არის, რომ ქართველ მეწარმეს მიეცემა ბიზნესის გაფართოების, ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, სადაც შესაძლოა, დასაქმდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი. ნებისმიერი ქართული საწარმოს გაფართოება ნიშნავს მეტ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. გარდა ამისა, გაიზრდება კონკურენცია თავად ქართულ საწარმოებს შორის, რაც ხარისხსა და ფასზე დადებითად აისახება.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში AMBEBI.GE სისტემატურად დაწერს ქართული პროდუქციის შესახებ.

ამ სტატიაში კი, ერთგვარი თვალსაჩინოებისთვის, გვსურს გავიაზროთ, თუ როგორია ქვეყნის სამეურნეო პოტენციალი და საქართველოს რომელი კუთხე რა პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებით არის მდიდარი. საქართველოში წარმოებული პროდუქტების სია საკმაოდ მრავალფეროვანია. აღსანიშნავია, რომ ყველა რეგიონისთვის კონკრეტული პროდუქტის წარმოებაა დამახასიათებელი, რაც რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობებითაა განპირობებული. AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, რომელი პროდუქტები იწარმოება საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში და როგორია მათი საინვესტიციო შესაძლებლობები.

ჩვენ კვლევისთვის გამოვიყენეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია თავმოყრილი. აღნიშნული სია საქართველოში გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს ცოტა ხნის წინ წარუდგინა.

ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, შიდა ქართლი ვაშლის და ბლის წარმოებით გამოირჩევა, ქვემო ქართლში საკმაოდ დიდი რაოდენობის ხახვი, პომიდორი და კიტრი იწარმოება. კახეთი ატმის წარმოებით გამოირჩევა. (აქვე უნდა აღინიშნოს კახეთის ლიდერობა ყურძნის წარმოების თვალსაზრისით, რადგან კახეთი ყოველთვის მნიშვნელოვანი მევენახეობის მხარე იყო საქართველოში. ავტ.) იმერეთი მწვანილის, ასევე რძის პროდუქტების წარმოებით გამოირჩევა. ასევე დიდი რაოდენობით მწვანილი იწარმოება სამეგრელოში. სამეგრელოს რეგიონი ჩაისა და თხილის წარმოებით ლიდერობს. გურია ასევე თხილის წარმოებით გამოირჩევა. აჭარაში დიდი რაოდენობით მანდარინი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით სტაფილო იწარმოება. რეგიონების მიხედვით, პროდუქტების წარმოების პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:

1. ქვემო ქართლი:

ქვემო ქართლში ვაშლის წარმოებაზე მთლიანი წარმოების 4% მოდის, ბლის შემთხვევაში, მთლიანი წარმოების 7% იწარმოება ქვემო ქართლში. მთლიანი წარმოების 40% მოდის ქვემო ქართლზე კიტრის შემთხვევაში. პომიდვრის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 65%-ია. როგორც აღინიშნა, ქვემო ქართლი ხახვის წარმოებით ლიდერობს. ამ რეგიონზე ხახვის წარმოების 70% მოდის. სტაფილო - 20% კარტოფილი - 31%, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 17% , ფრინველის ხორცი - 19%, რძის პროდუქტები - 17%, ხორბალი - 13%.

2. შიდა ქართლი:

ვაშლი - 64%, ბალი - 57%, ატამი - 21%, პომიდორი - 25%, ხახვი - 15%, ხორბალი - 6%, მტკნარი წყლის თევზი.

3. კახეთი :

ბალი - 7%, ატამი - 70%, კიტრი - 40%, პომიდორი - 4%, ხახვი - 10%, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 15%, ღორის ხორცი - 21%, ფრინველის ხორცი - 13%, თაფლი - 15%, მტკნარი წლის თევზი.

4. იმერეთი:

თხილი - 14%, ვაშლი - 6%, ბალი - 9%, მანდარინი - 1%, ატამი - 2%, კიტრი - 10%, პომიდორი - 4%, მწვანილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 18%, ღორის ხორცი - 20%, ფრინველის ხორცი - 19%, მტკნარი წყლის თევზი, რძის პროდუქტები - 21%, ხურმა.

5. სამეგრელო:

თხილი - 52%, ვაშლი - 9%, მანდარინი - 5%, ატამი - 2%, ხურმა, მწვანილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 15%, ღორის ხორცი - 23%, ფრინველის ხორცი - 21%, რძის პროდუქტები - 15%, თაფლი - 33%, ჩაი - 55%.

6. გურია:

თხილი - 23%, მანდარინი - 17%, ხურმა, ჩაი - 12%.

7. აჭარა:

მანდარინი - 77%, ხურმა, კარტოფილი - 4%, მტკნარი წყლის თევზი, თაფლი - 15%, ჩაი - 33%.

8. სამცხე-ჯავახეთი:

სტაფილო - 70%, კარტოფილი - 55%, მტკნარი წყლის თევზი.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE