„ფოლქსვაგენის“ აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

მარტინ ვინტერკორნის საპენსიო დანაზოგი 32 მილიონი დოლარია

გერმანული ავტოკონცერნის გარშემო ატეხილი სკანდალის შედეგად, „ფოლქსვაგენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა.

„შოკირებული ვარ ბოლო დროინდელი ამბებით და ვფიქრობ, რომ კომპანიას ახალი სისხლი სჭირდება. ამიტომ თანამდებობას ვტოვებ და გზას ახალ სახეებს ვუთმობ“, - განაცხადა მარტინ ვინტერკორნმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ავტოკონცერნი ამ მძიმე კრიზისულ პერიოდს მალე გადალახავს.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, „ფოლქსვაგენის“ აწ უკვე ყოფილი თავკაცის მარტინ ვინტერკორნის საპენსიო დანაზოგი 32 მილიონს შეადგენს.

2014 წლის მონაცემებით, ვინტერკორნი გერმანიის ყველაზე მაღალანაზღაურებად აღმასრულებელი დირექტორებს შორის მეორე პოზიციას იკავებდა.

გერმანული ავტოკონცერნი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ აღმოაჩინა, რომ „ფოლქსვაგენის“ ავტომობილში დამონტაჟებულია მოწყბილობა, რომელიც მავნე ნივთიერებების გამოყოფაზე ტესტის გავლისას ფილტრს რთავს.

მომხდარის გამო „ფოლქსვაგენს“ 18 მილიონ დოლარამდე ჯარიმა ემუქრება. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ბრალდება 500 ათას ავტომობილს ეხება, რომელიც აშშ-ში ბოლო 7 წლის განმავლობაში გაიყიდა. თუმცა, „ფოლქსვაგენში“ აღიარეს, რომ მოწყობილობა მსოფლიოს გარშემო 11 მილიონ მანქანას აქვს დამონტაჟებული. კომპანიის განცხადებით, ხარვეზის გამოსასწორებლად კომპენსაციის სახით 6,5 მილიარდ ევროს გაიღებს.

გერმანული ავტომწარმოებელი იძულებულია, აშშ-ში გაყიდვიდან ამოიღოს 2009-2014 წლებში გამოშვებული ყველა Jetta, Beetle, Audi A3 და Golf, ასევე 2014-2015 წლებში წარმოებული Passat-ები.

მომხდართან დაკავშირებით "ფოლქსვაგენს" 18 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.