ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში მილიონნახევარზე მეტი ადამიანი აღარ ცხოვრობს

გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენ ხელს ვერ შევუშლით, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, მაგრამ გვაქვს ინტერესი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ მცირდებოდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტში მიმდინარე შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა.

შეხვედრა საქართველოში მიგრაციულ პროცესებს ეძღვნება და ის მედიისთვის დახურულია. "საქართველოსთვის, რომელიც მოსახლეობის მიხედვით მცირერიცხოვან ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, ჩვენი მოქალაქეების ბედი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისა, რომელიც სხვა ქვეყნებში გადიან, იქ ცხოვრობენ, შემდეგ მალე ბრუნდებიან ან არ ბრუნდებიან, კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს ადგილსამყოფელის მიუხედავად. ამიტომ არის ბევრი თემა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფოსა და მის მოქალაქეს შორის იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქეები საკუთარ ქვეყანას ტოვებენ. გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენ ხელს ვერ შევუშლით, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, მაგრამ გვაქვს ინტერესი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ მცირდებოდეს. ბოლო აღწერის მონაცემებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში მილიონნახევარზე მეტი მაცხოვრებელი აღარ ცხოვრობს საქართველოში. ეს ის ციფრია, რომელიც განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მზრუნველობას ითხოვს", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.