გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი ქობულეთის შემოვლითი გზის 18 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ორზოლიანი გზა, 15 ხიდი, 2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები შენდება.  უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის 8 ხიდის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მიწების შესყიდვასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, შეფერხებულია საქართველოში ყველაზე გრძელი, 1180 მეტრიანი ხიდი - ვიადუკის მშენებლობა.  "ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. მშენებლობის დასრულების შემდეგ აჭარის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას. მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც", - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 210 მილიონამდე ლარს შეადგენს.