კახეთში ,,აგროდაზღვევის პროგრამაში" ჩართული ბენეფიციარებისთვის ზარალის ანაზღაურება დაიწყო

კახეთის რეგიონში ,,აგროდაზღვევის პროგრამაში" ჩართული ბენეფიციარებისთვის მიმდინარე წლის ივნისში, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "აგროდაზღვევის პროგრამის" მენეჯერი ლევან მაღრაძე, სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" წარმომადგენელი ვახტანგ ებიტაშვილი და კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ დავით ხუციშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული ატმის ნაკვეთები დაათვალიერეს.  "წყალდიდობის შედეგად, სოფელ კალაურის მკვიდრის, დავით ხუციშვილის ატმის ბაღის 72% მთლიანად გაუნადგურდა და მიყენებულმა ზარალმა 16,500 ლარი შეადგინა. აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი" ფერმერს ზარალს სრულად აუნაზღაურებს. დავით ხუციშვილი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "აგროდაზღვევის პროგრამაში" 2014 წლის 30 სექტემბერს ჩაერთო და 1,8 ჰა ფართობის ატმის ბაღი დააზღვია. სადაზღვევო პრემიამ 2,295 ლარი შეადგინა, საიდანაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2,160 ლარი დაფარა", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "აგროდაზღვევის პროგრამაში" კახეთის რეგიონში 4 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო, აქედან, 1656 გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერია. "მიმდინარე წლის ზაფხულში ჭარბი ნალექის შედეგად აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული 72 ბენეფიციარი დაზარალდა. სადაზღვევო კომპანიების მიერ თითოეული მათგანის დაზიანებული სავარგულები შემოწმებულია და ზარალი 331 178 ლარზე მეტს შეადგენს. პროგრამის ბენეფიციარებს ზარალის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ", - ნათქვამია განცხადებაში.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით "აგროდაზღვევის პროგრამის" ფარგლებში გაცემულია 26,625 პოლისი. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 13,418,205 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 22,844.3 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ ჯამში 186,676,471 ლარი შეადგინა.  "ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად დაზარალდა 8,008 ბენეფიციარი, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 9.5 მილიონ ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.