ჩინეთის ერთ-ერთ ქარხანაში თანამშრომელთა 90% რობოტებმა ჩაანაცვლეს

ჩინეთის ქალაქ დუნგუანში კომპანია Changying Precision Technology-მ საკუთარ ქარხანაში დასაქმებულები რობოტებით ჩაანაცვლა.

მსოფლიოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქარხანაში დასაქმებულთა 90% რობოტები იქნებიან.

ფაბრიკა მობილური ტელეფონებისთვის საჭირო კომპონენტებს აწარმოებს. ქარხანაში მანამდე 650 ადამიანი იყო დასაქმებული, თუმცა ახლა მხოლოდ 60 თანამშრომელი დარჩა. დანარჩენ საქმეს რობოტები ასრულებენ.

კომპანიის გენერალური მენეჯერის ლუ ვეიგანგის განცხადებით, უახლოს მომავალში ქარხანაში თანამშრომელთა რაოდენობას 20-მდე შეამცირებენ.

მისივე თქმით, ქარხანაში რობოტების დასაქმების შედეგად, ერთი ადამიანის წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 8 ათასიდან 21 ათასამდე გაიზარდა, რაც 162,5%-იანი მატებაა. ამასთან ერთად, გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხიც და თუ რობოტების დასაქმებამდე, ხარვეზების მაჩვენებელი 25% იყო, ახლა ეს 5%-ია.

ქარხანაში რობოტები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.