ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მლნ ლარს მიაღწია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მლნ ლარს მიაღწია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბერს კახეთის რეგიონში ბოლო 25 წლის მანძილზე დღეღამურად რეკორდული რაოდენობის - 6 722 ტ ყურძენი გადამუშავდა.  სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12:00 საათის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 21 ათას ტონამდე რქაწითელი, 22 ათას ტონამდე საფერავი, 1,6 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6,2 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მლნ ლარს მიაღწია.

"რთველი შეფერხების გარეშე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 74 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო. აქვე, ღვინის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოებისთვის, აუცილებელია, რომ გადასამუშავებელი ყურძენი იყოს სიმწიფეში შესული", - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო მიმართავს კახეთის რეგიონის მევენახეებს, რომ ყურძნის ჩაბარების დროს პრობლემების შექმნისა და რთველის პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, დაელოდონ ყურძნის საჭირო კონდიციამდე დამწიფებას და ღვინის კომპანიებს ყურძენი ჩასაბარებლად შემდეგ შესთავაზონ.