დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდებათ

საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდებათ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2012 წლამდე პერიოდში მომხდარი, მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის მორიგი 3 ფაქტი. პროკურატურის ცნობით, მხილებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირები, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდებათ.

"კერძოდ, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2010 წლის 11 ივნისს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ იქნა შპს "მათემოტორსის" დამფუძნებელი გელა ბარკალაია, რომელსაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გადასცეს პროკურატურის მოთხოვნა, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მას უნდა შეეძინა 10 ერთეული "TOYOTA HILUX"-ის მარკის ავტომანქანა და ეჩუქებინა სახელმწიფოსათვის. გელა ბარკალაია იძულებული გახდა დათანხმებოდა პროკურატურის ამ მოთხოვნას. 2010 წლის 27 ივლისს, გელა ბარკალაიას წარმომადგენელმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებიდან პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის მიერ მასზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, პროკურატურის მითითებით შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისისგან" 443 223 ლარად შეიძინა 10 ერთეული "ტოიოტა ჰაილუქსის" მარკის ავტომანქანა. აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელსაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ გელა ბარკალაიას მიერ სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადასაცემი ავტომანქანების გადაფორმების საკითხების ორგანიზება უნდა მოეხდინა", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ვახტანგ ბოჭორიშვილმა ბრალდებულ გელა ბარკალაიასთვის იძულებით ჩამორთმეული ქონების შენიღბვისა და ავტომანქანების გადაფორმების პროცესისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოძებნა მასთან დაახლოებული ორი სანდო პიროვნება, რომლებმაც მათ სახელზე ბარკალაიას მიერ ნაყიდი ავტომანქანების გაფორმების შემდეგ, ისინი სახელმწიფოს აჩუქეს. "ამ გზით შეინიღბა ბრალდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ სახელმწიფოსთვის ავტომანქანების ჩუქების ფაქტი. ავტომანქანების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემიდან მეორე დღესვე, 2010 წლის 3 აგვისტოს გელა ბარკალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და 2010 წლის 17 აგვისტოს, პროკურატურამ მასთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი, თუმცა საპროცესო შეთანხმების ოქმსა და სასამართლო განაჩენში გელა ბარკალაიას მიერ ავტომანქანების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა არ ასახულა", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, მანქანის იძულებით ჩამორთმევაში გამოძიების მიერ ასევე მხილებულია შსს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელმაც 2010 წლის დეკემბერში, პოლიციის განყოფილებაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული რევაზ ფერაძის ოჯახის წევრები დაიბარა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ დაათმობინა ავტომანქანა "მერსედეს ბენც E320". "ავტომანქანის დათმობის შემდეგ კი რევაზ ფერაძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც რევაზ ფერაძეს დაეკისრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლით პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 4000 ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, ქონების ჩამორთმევაში მხილებულია, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც 2010 წლის 9 თებერვალს, თავისთან დაიბარა თაღლითობისათვის ბრალდებული გივი ღუჭაშვილი და გადასცა თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მოთხოვნა, რომ მისი კუთვნილი "ნისან მურანოს" მარკის ავტომანქანა - თავდაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლოდ გადაეცა.  "ნიკოლოზ ძიმცეიშვილისვე გადმოცემით აღნიშნულის შესრულების შემთხვევაში გივი ღუჭაშვილს გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას კვლავ დააკავებდნენ. განხორციელებული ზეწოლის შედეგად, გივი ღუჭაშვილმა უსასყიდლოდ გადაუფორმა ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროს, რომლითაც სარგებლობდნენ სამხედრო პოლიციის თანამდებობის პირები. მოგვიანებით მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 5000 ლარი. აქვე მოგახსენებთ, რომ გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული საჯარო მოხელეების მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. ამ თანამშრომლობის შედეგად, საქმეზე გაგრძელდება გამოძიება მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ორგანიზატორ და დავალების გამცემ თანამდებობის პირებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურისვე ინფორმაციით, ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი სამივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 3 დაზარალებულის დარღვეული უფლება. პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ბიზნესმენ გელა ბარკალაიას დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული 10 ავტომანქანა, ხოლო დანარჩენ ორ დაზარალებულს დაუბრუნდებათ 2 ავტომანქანა. "ამ დროისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 20 დანაშაულებრივი ეპიზოდი, მხილებული 15 საჯარო მოხელე და დაზარალებულად ცნობილია 21 პირი, რომელთაც დაუბრუნდათ და ამჟამად დაბრუნების პროცესშია 26 ავტომანქანა, 2 მიწის ნაკვეთი, ოქროს ნაკეთობები, რომელთა ღირებულებაც მთლიანობაში, დაახლოებით, 1 939 000 ლარს შეადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.