დიმიტრი ქუმსიშვილი 28 სექტემბერს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი 28 სექტემბერს ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესმენებთან შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" 28 სექტემბრს, 10:00 საათზე გაიმართება და მასში საქართველოს ბიზნესასოციაციებისა და ფონდების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ მონაწილეობას. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. პროექტები რამდენიმე მიმართულებითაა მომზადებული.  წარმოდგენილი იქნება შემდეგი პროექტები - იმერეთის მწვანილი - საექსპორტო კომპანია; თბილისის ქვის გადამამუშავებელი საწარმო; პანკისის დიაბაზის მოპოვების პროექტი; დაფნის ფოთლის გადამუშავება-დაფასოება/დაფნის ფოთლის ეთერზეთის დამზადება ; სამკერვალო საწარმო; ტექსტილის წარმოება; კერამიკული ფილების წარმოება; რძის გადამამუშავებელი საწარმო; მუყაოს ყუთების წარმოება; ფოთის ქვის გადამამუშავებელი საწარმო; ფოლადის მილების წარმოება; ეთერზეთების წარმოება.

"ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში თითქმის ერთი წლის წინ შეიქმნა. მისი ამოცანა ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიზნით სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ჯგუფი ახდენს ქვეყნისთვის ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების იდენტიფიკაციას და კონკრეტული ბიზნესგეგმების მომზადებაზე მუშაობს. მინისტრისა და ბიზნესსექტორის შეხვედრა სწორედ ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაციის მიზნით იმართება", - ნათქვამია განცხადებაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, ღონისძიებას სისტემური ხასიათი ექნება - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტების ბიზნესსექტორისთვის წარდგენა მომავალში რეგულარულად გაიმართება.