თბილისის საბავშვო ბაღებში შესაძლოა, მენიუ გადაიხედოს

დედაქალაქის საბავშვო ბაღებში შესაძლოა, აღსაზრდელების მენიუ გადაიხედოს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აუთვისებელი საკვები პროდუქტი რჩება. პერსონალი აუთვისებელი საკვების ფოტოებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აგზავნის და შემდეგ ყრის, თანამშრომლებს კი დარჩენილი საკვების მირთმევის უფლება არ აქვთ.

როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, საბავშო ბაღებში კალორიულობა, კვების ნორმა, წესები, სტანდარტები დადგენილია მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით. მისივე თქმით, აღნიშნული აქტის დაცვა აუცილებელია.  "მენიუში ყველაფერია გათვალისწინებული, რომ ბავშვებს ნორმალური კვება ჰქონდეთ. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ბავშვების გარკვეული ნაწილი პრეტენზიულია და საჭირო რაოდენობას არ მიირთმევს, რჩება საკვების გარკვეული ნაწილი. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავიაროთ კონსულტაციები პედიატრებთან და სხვა შესაბამის სპეციალისტებთან, რათა ამის შემდგომ გადაიხედოს, ჩვენი რეკომენდაციები მთავრობას შევთავაზოთ და შეიცვალოს ნორმატიული აქტი", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას ინფორმაციით, საბავშვო ბაღების მენიუში კალორიულობა მთავრობის 78-ე დადგენილებასთან შესაბამისობაში მოვიდა. აქედან გამომდინარე, მოიმატა საკვები პროდუქტების რაოდენობამ.  "აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობთ პედიატრებთან ერთად, რათა დაზუსტდეს, შესაცვლელია, თუ არა მენიუ კალორაჟის მიმართულებით. 2014 წლის 15 იანვრის მთავრობის დადგენილებაში წერია, რა რაოდენობის კალორიები უნდა მიიღონ აღსაზრდელებმა საბავშვო ბაღებში. 2015 წლის სექტემბრიდან კალორაჟი ჩაეშვა განსხვავებული მრავალფეროვანი მენიუთი. საკვები პროდუქტები მოცულობითია, მაგრამ ჩვენ დადგენილებასთან შესაბამისობაში უნდა მოგვეყვანა. ხდება აუთვისებელი საკვები პროდუქტების დასურათება და ნარჩენი პროდუქტების აწონვა. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ წინა პერიოდთან შედარებით ვთქვათ, რა რაოდენობის საკვები პროდუქტის ათვისება ვერ ხორციელდება. სააგენტოს დავალებით ხდება ფოტოების გადაღება, რათა დავაზუსტოთ, თუ რა რაოდენობის საკვებ პროდუქტებს ვერ ითვისებენ საბავშვო ბაღებში. ეს ცოცხლი პროცესია, წინა პერიოდშიც ასე ხდებოდა. კვება 300 კალირიითაა გაზრდილი. ჩვენ გვაინტერესებს, გაზრდილი კალორიულობის ფონზე, რა რაოდენობის საკვების ათვისება ვერ ხორციელდება იმ მენიუებით, რითაც ახალი სააღმზრდელო პროცესი დავიწყეთ", - აღნიშნა თემურ თორდინავამ.

მისივე ინფორმაციით, კალორაჟის გადახედვის თემა სააგენტოს კომპეტენციას აღემატება. სააგენტოს კომპეტენციით, ფაქტის დაფიქსირება ხდება. ამასთან, თორდინავას ცნობით, აღსაზრდელები და მშობლები ძალიან კმაყოფილები არიან, რადგან მენიუ მრავალფეროვანია, არის ბანანი, იოგურტი და ა.შ. "ეს არის ძალიან დიდი პოზიტივი", - დასძინა სააგენტოს ხელმძღვანელმა. რაც შეეხება პერსონალის კვების საკითხს, თორდინავას ინფორმაციით, პერსონალს, რომელსაც შესვენების დრო აქვს, აქვთ საკვები პროდუქტების მირთმევის შესაძლებლობა. სააგენტო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს. აღმზრდელებს, რომელთაც არ აქვთ საშულება, შესვენებაზე გავიდნენ, შეუძლიათ საკვები პროდუქტი ბავშვებთან ერთად მიირთვან. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნარჩენი, აუთვისებელი პროდუქტი უნდა გადაიყაროს, თუმცა ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს და აღნიშნული საკითხი მოწესრიგდება.