საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სამთავრობო მოლაპარაკებები გაიმართა

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში სამთავრობო მოლაპარაკებები გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.  თბილისში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში სამთავრობო მოლაპარაკებები გაიმართა.  გერმანიის სამთავრობო დელეგაციასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბეტინა კადენბახს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა.  მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროში ხელმოწერის ცერემონია შედგა. შეთანხმების ოქმს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა დირკ შათშნაიდერმა მოაწერეს ხელი.

მოლაპარაკებების დროს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი და ასევე, სამომავლო გეგმები განიხილეს. "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე დაფიქსირდა მხარდაჭერა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართულმა უწყებებმა და ორგანიზაციებმა, ხოლო გერმანიის მხრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (kfw) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა.