"ჯეოსელი" საქართველოში მომავალშიც აქტიურად იმუშავებს"

კომპანია "თელიასონერას" მიერ ევრაზიის რეგიონის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, "ჯეოსელის" საქმიანობაზე გავლენას არ იქონიებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და კომპანია "თელიასონერას" რეგიონული ხელმძღვანელების - ევრაზიის რეგიონის პრეზიდენტის, ერიკ ჰალბერგისა და კომპანიის ევრაზიის რეგიონის ვიცე პრეზიდენტის, ემილ ნილსონის შეხვდრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ასევე კომპანია "ჯეოსელის" გენერალური დირექტორი, პაველ სმალინსკი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანია "თელიასონერას" საქართველოში საქმიანობას და მის გეგმებს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის კუთხით. "თელიასონერას" ხელმძღვანელობამ შეხვედრაზე ისაუბრა გადაწყვეტილების შესახებ, დაიწყოს ევრაზიის რეგიონში (ყაზახეთი, საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ნეპალი) ოპერირების შემცირების, ხოლო დროთა განმავლობაში მთლიანად დატოვების პროცესი. ეს გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას კომპანიის ოპერირებაზე. "ჯეოსელის" საქმიანობა, ინიციატივები და პროექტები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. წლების განმავლობაში "ჯეოსელი" "თელიასონერას" ჯგუფის ფარგლებში წარმატებულად წარმართავდა გრძელვადიან საქმიანობას და ქვეყანაში ახორციელებდა პასუხისმგებლობით სავსე ბიზნეს-პრაქტიკას, რაც მომავალშიც იგივე მიმართულებით გაგრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, "ჯეოსელი" საქართველოში მომავალშიც აქტიურად იმუშავებს, მეტიც, კომპანია ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს. "თელიასონერას" რეგიონულმა ხელმძღვანელებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატით და აღნიშნეს, რომ "ჯეოსელი" საქართველოში მისი საქმიანობის გაფართოებას აპირებს, კერძოდ, კომპანიის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მრავალმილიონიანი ინვესტიციები ჩაიდება მყარ ვალუტაში.

როგორც "თელიასონერას" და "ჯეოსელის" ხელმძღვანელობა აცხადებს, კომპანიას გააჩნია სრული ამბიცია, რომ ნებისმიერი ინვესტორისთვის დღევანდელი სახით არსებული "ჯეოსელი" არის ძლიერი ფინანსური მდგომარეობის, ჩამოყალიბებული მიზნებისა და ღირებულებების მქონე კომპანია, რომელიც კვლავაც დარჩება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი თანამონაწილე.