პრეზიდენტი მთავრობას სემეკ-ის წევრობის იმავე კანდიდატებს ხელახლა წარუდგენს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან, საქართველოს მთავრობამ ორის პარლამენტში წარდგენაზე უარი განაცხადა.

როგორც ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობამ გიორგი ფანგანის კანდიდატურა შეათანხმა, მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურების შეთანხმებაზე კი უარი განაცხადა.  აბაშიშვილის განმარტებით, აღნიშნულ კანდიდატებზე უარი ყოველგვარი არგუმენტაციიის გარეშე ითქვა.  "საქართველოს პრეზიდენტმა 8 სექტემბერს, ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგად, მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინა ენერგეტიკისა და წყალმომარგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის სამი კანდიდატი. 22 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ორი კანდიდატის შეთანხმებაზე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მით უმეტეს, რომ აღნიშნული კანდიდატები პრეზიდენტსა და სფეროს ექსპერტებს შორის გამჭვირვალე და მედიის ჩართულობით უზრუნველყოფილი პროცესის შედეგად შეირჩნენ", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ეკონომიკური მრჩევლის განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ მარინა გულედანიც და დავით ასლანიშვილიც პროფესიონალი კანდიდატურები არიან, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, მთავრობას ისინი ხელმეორედ წარუდგინოს. "ძალიან მნიშველოვანია, რომ სემეკ-ის წევრობის ასე შერჩეულ, პროფესიონალ კანდიდატებზე უარი ითქვა იმ დროს, როცა ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების შედეგად ცალკეული კომპანიები მუდმივად საუბრობენ ელექტროენერგიასა, თუ ბუნებრივ აირზე ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით. ტარიფები კი არის ის თემა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. სწორედ იმ დროს, როდესაც სემეკ-ი არის ორგანო, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტარეფებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ საკითხში ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობდნენ. სწორედ ეს უზრუნველყოფს სემეკ-ის მიერ გადაწყვეტილების მეტ გამჭვირვალობას, მეტ სამართლიანობას, მეტ სანდოობას და მეტ მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად შერჩეული ისევ ეს ორი პროფესიონალი კანდიდატი თავიდან წარუდგინოს საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად", - განმარტა პრეზიდენტის მრჩეველმა.