აკაკი ცომაია: ეკონომიკის განვითარებისათვის სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია და ამ საქმეში მონდომების სულისკვეთება არ იგრძნობა

ლარის კურსის მომავალსა და ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე "ინტერპრესნიუსი" ეკონომისტს, აკაკი ცომაიას ესაუბარა.

-  ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, "ლარის გამყარება" შეიმჩნევა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მტკიცებით კი, "ლარმა იპოვა ახალი წონასწორობა", მეტიც - ეროვნული ბანკის პრეზდენტი ამტკიცებს, რომ "სავსებით რეალურია, ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს". თქვენ რას დაუკავშირებთ უკანასკნელ დღეებში ლარის ოდნავ გამყარებას? იმას ხომ არა, რომ ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 40 მილიონი დოლარი გამოიტანა? და კიდევ, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ქადაგიძის პროგნოზი ლარის კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართლდეს?

- მოდით დავაზუსტოთ, არც ფინასთა მინისტრს და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ უთქვამთ, რომ ლარის კურსი შეიძლება ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს. მათ აღნიშნეს, რომ ლარმა იპოვა წონასწორობის ახალი წერტილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ლარმა მოძებნა წონასწორობის ახალი კორიდორი.  ახლა რასთან გვაქვს საქმე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის ვრცელ ინტერვიუში კარგად აღწერა ის პროცესი, თუ რატომ მოხდა ლარის გაუფასურება. ლარის კურსმა გაუფასურების ნეგატიური ფაქტორები უკვე თავის ფასში ასახა. ლარის კურსი გაუფასურდა, რამაც შეამცირა იმპორტის რაოდენობა. ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სავალუტო შემოდინებების შემცირების გამო წარმოიქმნა, ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენ 1 მილიარდი დოლარის შემოდინებები დავკარგეთ, 1 მილიარდი დოლარით შემცირდა იმპორტი. როგორც კი ეს სხვაობა აღმოიფრა, ლარის კურსიც დაჯდა წონასწორობის იმ ახალ წერტილში, რამაც უზრუნველყო ის მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს. ახლა ლარი წონასწორობის ახალ წერტილშია. სიტყვა კორიდორი იმიტომ ითქვა, რომ ის რაც ახლა გვაქვს, ერთ გაყინულ წერტილში ვერანაირად ვერ იქნება. რაღაც პროცენტის ფარგლებში იქნება რყევა ამ წერტილის გარშემო. ლარი ამიტომ გამყარდა.  რაც შეეხება ინტერვენციას, ინტერვენციები განხორციელდა იმიტომ, რომ მიუხედავად აღმოფრილი ფაქტორებისა, უარყოფითი მოლოდინები ლარის კიდევ გაუფასურებისა საზოგადოებაში იყო და ჯერაც არის მაღალი. ახლა ამას სჭირდება მოქმედება, რაც ეროვნულმა ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა როგორც იქნა კოორდინირებულ ფორმატში განახორციელეს.

- თქვენი კოლეგა რომან გოცირიძის მტკიცებით, "აჟიტირებული მოთხოვნის თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს წლის ბოლომდე 150 მილიონი დოლარის გაყიდვა შეუძლია". თუ ლარის კურსის ვარდნის შეჩერება შესაძლებელი იყო ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე დოლარის გამოტანით, ეროვნული ბანკი ამას მანამდე რატომ არ აკეთებდა? გასაგებია, რომ საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მსგავსად, დოლარების დიდი რაოდენობით გამოტანა არ შეეძლო, იქაც, რაც გამოტანეს ტენგესა და მანათის კურსის ვარდნას პრაქტიკულად ვერც ვერაფრით უშველა, მაგრამ მაინც...

- რასაც ბატონი რომან გოცირიძე ამბობს, ბევრად არ განსხვავდება იმისაგან, რასაც მე ვამბობ. გოცირიძე როცა ამბობს, ბაზარზე არის აჟიოტაჟი, ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე მართლაც არის უარყოფითი მოლოდები. ანუ, თუ ლარის გაუფასურება კიდევ გრძელდება, ეს არ მოხდება იმის გამო, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ფუნდამენტალური პრობლემები კვლავ არსებობს, არამედ პროცესში ჩართულია მოკლევადიანი ფაქტორები, ანუ ჩვენი განწყობა არის ასეთი, რომ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება და ჩვენ თავად ვუწყობთ ხელს დროის რაღაც მონაკვეთში ლარის გაუფასურებას. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლარი ისევ დაიწყებს გამყარებას და აუცილებლად დაუბრუნდება წონასწორობის წერტილს. ამ პროცესების მართვა ახლა ეროვნულ ბანკს ნამდვილად შეუძლია.

- ამას წინათ მმართველი გუნდის წევრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ქადაგიძეს ბრალს სდებდნენ იმაში, რომ მან კერძო ბანკებს რამდენიმეჯერ მისცა 40-40 მილიონი ლარი, რითაც კერძო ბანკებმა ბაზარზე დოლარი შეიძინეს. მეტიც, ეროვნულმა ბანკმა 17 სექტემბერს კერძო ბანკებს 215 მილიონი ლარი მისცა. თქვენი კოლეგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ამგვარმა პოლიტიკამ ბევრად შეუწყო ხელი ლარის კურსის კატასტროფულად ვარდნას. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ჩემთვის უცნობია ფაქტები იმის თაობაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა კერძო ბანკებს მისცა ფული, რადგან მექანიზმი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო, რეალურად არ არსებობს. ეროვნული ბანკი ლარს ყიდის, შესაბამისად, ყიდის აუქციონზე კონკრეტული საპროცენტო განაკვეთით, ეს გახლავთ რეფინანსირების სესხების მოცულობა. რეფინანსირების სესხებს ვიღაც ყიდულობს იქედან გამომდინარე, მისი ლიკვიდურობა რა მდგომარეობაშია. რეფინანსირების სესხების მოცულობაზე საკმაოდ ბევრი იყო საუბარი და ბოლოს, როგორც იქნა, ფინანსთა მინისტრმაც დაადასტურა, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობა არ იწვევს ლარის გაუფასურებას, რადგან ამით ფულის მიწოდება არ იზრდება. რაც შეეხება კომერციული ბანკების სპეკულაციებს. ამაზეც არაერთი ჭორი გავრცელდა და საზოგადოება მსჯელობს იმის შესახებ, რომ კომერციული ბანკები ბაზარზე სპეკულირებენ, ხელს უწყობენ ლარის კურსის გაუფასურებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს რეგულაციებიდან გამომდინარე შეუძლებელია. თუ სესხულობ ლარს და გინდა, ლარი გადაიყვანო დოლარში, არსებობს ასეთი საბანკო ტერმინი, სავალუტო პოზიციის გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს ვალდებულება ლარში და გინდა, აქტივი მოხსნა და გადაიყვანო დოლარში. საბუღალტრო ჩანაწერში აქტივი გექნება ცოტა, ხოლო ვალდებულება გექნება მეტი, რისი უფლებაც შენ არ გაქვს. ვინაიდან კომერციული ბანკის მიმართ მოქმედებს ეს რეგულაცია, კომერციულ ბანკებს ამის გაკეთება რომც უნდოდეს, მაინც ვერ გააკეთებს არსებული რეგულაციების გამო. ბანკების ეკონომიკურ ინტერესში არ არის ამგვარი რამ, რადგან ლარის გაუფასურება ისევ კომერციული ბანკების კისერზე გადადის, თუნდაც ვადაგადაცილებული სესხების დაფარვისას.

იხილეთ გაგრძელება