აფთიაქებში რეცეპტს უკვე ტელეფონითაც გასცემენ?!

არღვევს თუ არა კანონს "ფარმადეპო"?

გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული ძალაში შევიდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში“ ცვლილება, რომლის მიხედვითაც მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა აიკრძალა.

მომხმარებლებს რეცეპტის წარდგენის ვალდებულება დაეკისრა ისეთი პოპულარული მედიკამენტების შეძენისას, როგორიცაა: ნიმესილი, კეტონალი, გლუკოზა, დიმედროლი, პარაცეტამოლი, სუპრასტინი, ანალგინი და სხვა. რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალში მეორე ჯგუფიდან სულ 6 209 დასახელების მედიკამენტი მოხვდა.

კანონში შესულ ცვლილებას აფთიაქებმა მალე აუწყეს ფეხი და მომხმარებელს ახალი სერვისი შესთავაზეს - თითქმის ყველა აფთიაქში გამოჩნდნენ ექიმები, რომლებიც წამლებს რეცეპტით იქვე, ადგილზე გასცემენ.

თუმცა, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მომხმარებელმა bpn-ს აცნობა, რომ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების შეძენა ”ფარმადეპოში” ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, ანუ სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ სატელეფონო ზარით არის შესაძლებელი.

ინფორმაციის გადასამოწმებლად bpn ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ”ფარმადეპოს” აფთიაქს მივაკითხეთ. რა თქმა უნდა, არ გამიმხელია, რომ ჟურნალისტი ვიყავი და სააფთიაქო შეღავათის სოციალური ბარათი მოვითხოვე, რომლის საშუალებითაც ექიმი სასურველ მედიკამენტს გამომიწერდა. მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, სრულიად უსასყიდლოდ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ ავიღე პლასტიკური ბარათი, რომლით სარგებლობის წესები იქვე ამიხსნეს.

ბარათზე დატანილია ცხელი ხაზის ნომერი, რომლის საშუალებითაც პაციენტს შეუძლია ექიმთან გაიაროს ონლაინკონსულტაცია, ან ნებისმიერი წამალი ექიმს მხოლოდ სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაწერინოს. მეც ასე მოვიქეცი, დავრეკე მითითებულ ნომერზე და ექიმთან გავიარე ონლაინ რეგისტრაცია, რის შემდეგაც წნევის მარეგულირებელი საშუალება ”ენალაპრილ H“ -ს გამოწერა ვითხოვე. ექიმმა ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 10 აბი ”ენალაპრილ H“ გამომიწერა. სატელეფონო საუბრის დასასრულს ვიკითხე, ამ გზით ნებისმიერი წამლის გამოწერა თუ იყო შესაძლებელი, რაზეც პასუხად მივიღე, ამ ბარათის მფლობელს, ნებისმიერ მედიკამენტზე შეუძლია მიიღოს რეცეპტი, გარდა ფსიქოტროპული და გინეკოლოგიური მედიკამენტებისა.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რისთვის არსებობს რეცეპტის სისტემა, თუკი ექიმთან მისვლაც აღარ არის საჭირო და ერთი სატელეფონო ზარია საკმარისი სასურველი მედიკამენტის შესაძენად?

bpn.ge სამედიცინო რეგულირების სააგენტოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროს სპეციალისტს, მარი ჟვანიას დაუკავშირდა, რათა გაგვეგო თუ რამდენად მოდის კანონთან შესაბამისობაში რეცეპტის ტელეფონით გამოწერა? როგორც აღნიშნულ უწყებაში გვითხრეს, ამის შესახებ პირველად ჩვენგან გაიგეს და ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

ჩვენ კომენტარისთვის ”ფარმადეპოსაც” მივმართეთ, სადაც საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურთან დაკავშირება ვითხოვეთ. როგორც ფარმაცევტულ კომპანიაში განაცხადეს, კომპეტენტური პირი, რომელიც ამ საკითხზე გვიპასუხებს, შეხვედრაზე იმყოფება და შეხვედრა შესაძლოა, გვიანობამდე გაგრძელდეს.

თიკო გურაშვილი