ბორჯომის ცენტრში სკვერის მოწყობა უახლოეს მომავალში დასრულდება

ბორჯომის რაიონში, რუსთაველის ქუჩაზე, სანაპიროს სკვერის რეკონსტრუქციის სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ამ ეტაპისათვის თითქმის დასრულებულია სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოები, დღეს კი ინტენსიურად მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,  ხორციელდება პერგოლების (ხეივანი) შეღებვა და სკამების განთავსება სკვერში.  პროექტის ფარგლებში მოხდა რუსთაველის მოედანზე ძეგლის დემონტაჟი, მოედანი გაერთიანდა სანაპირო სკვერთან. განხორციელდა ტროტუარების, სკვერის შიდა ბილიკებისა და სანაპიროს ფეხით სავალი ნაწილების მოპირკეთება. გამგებლის განმარტებით, სკვერში გათვალისწინებულია ეფექტური განათებისა და ქვედა მინათებების მონტაჟი, ასევე ბორჯომის კლიმატური პირობებისათვის შესაფერისი დეკორატიული მცენარეების დარგვა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობისა და გაჩერების მოსაწესრიგებლად მოეწყობა მრგვალი ფორმის გაზონი და მანქანების გასაჩერებელი დამატებითი ადგილი. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 558 064 ლარით ფინანსდება და მას შპს "ანელო" ასრულებს.